ლევან ბერძენიშვილი: "ბიძინა ივანიშვილს კამათი მოჰბეზრდა"

"რესპუბლიკელ" ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ყველაზე მძიმე შეცდომას წარმოადგენს „მისწრაფება ერთპარტიულობისკენ“, რაც ბევრი სხვა შეცდომისა და დანაშაულის წინაპირობა გახდა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა რუსთაველის გამზირზე, „სირცხვილიას“ მე-7 გადაცემაში სტუმრობის დროს ისაუბრა.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მძიმე შეცდომა ის არის, რომ მან დააპირა, იყოს ერთადერთი პარტია... ანუ მან მოიპოვა, იბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში არ ყოფილიყო არანაირი პლურალიზმი. პირველი და ძირითადი შეცდომა მათი არის მისწრაფება ერთპარტიულობისკენ, რამაც გამოიწვია ყველა დანარჩენი დანაშაული...როდესაც გაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა და გყავს არაკვალიფიციური ხალხი, აუცილებლად დაუშვებ შეცდომებს და მერე ჩაიდენ დანაშაულს... ასე რომ, მე ვთვლი, მათი პირველი შეცდომა, დანაშაული იყო დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ მრავალპარტიული კოალიციის შექმნის იმედით დათანხმდნენ „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ თანამშრომლობას 2012 წელს; თუმცა ივანიშვილს განსხვავებული აზრის მოსმენა მობეზრდა.

„2012-2014 წლები ჩვენთვის იყო ნაყოფიერი წლები კოალიციური თანამშრომლობისა. საქმემ გაფუჭება დაიწყო ძირითადად 2014 წლის შემდეგ. გარდამტეხი მომენტი იყო, როდესაც (ბიძინა ივანიშვილმა) დაინახა, რომ ჩვენთან კამათი უწევდა ყველაფერზე და გადაწყვიტა ერთპარტიული სისტემა აეშენებინა, რამაც გამოიწვია ჩვენი ნელ-ნელა გაწევა, ჩამოშორება... დაიწყო ბრძოლა ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, დაიწყო ბრძოლა რესპუბლიკელების წინააღმდეგ... დაიწყო საერთოდ მრავალხმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა...

გამოჩნდნენ მონები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მარტო ისაა სწორი, რასაც ბიძინა იტყვის და საერთოდ, მობეზრდა მას ჩვენთან კამათი... რადგან პოლიტსაბჭოზე იყო ხოლმე ისეთი კამათი, ბიძინა რომ არ არის მიჩვეული ... ჩვენ ვკამათობდით... და განსაკუთრებით ჩემი ძმა, დავით ბერძენიშვილი, პირდაპირ სისხლს უშრობდა და მაშინ მოიფიქრა, რომ არ არის საჭირო მრავალპარტიულობა და არ არის საჭირო თანამშრომლობა მით უმეტეს ყოფილ ხელისუფლებასთან“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა გადაცემაში „სირცხვილია“.

საპროტესტო აქციების 41-ე დღე „ქართული ოცნების“ „41 სირცხვილზე“ მსჯელობას ეთმობა, რადგან 41 „ქართული ოცნების“ საარჩევნო ნომერი და სიმბოლური რიცხვია.

საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი და უცვლელი მოთხოვნა კვლავაც შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, ყოველდღე სხვადასხვა თემას ეძღვნება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp