რატომ უფასურდება ლარი – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ვერსიები

„ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, რომელიც ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას და შთანთქავს საგარეო შოკების ეფექტს“, - ასე უპასუხა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლარის კურსთან დაკავშირებით bm.ge-ის კითხვას. 

ირაკლი კოვზანაძე ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრისას ორ ფაქტორს ასახელებს - რუსული ავიასანქციები და სავალუტო ბაზრის მოთამაშეების მიერ თვის ბოლოსთვის უცხოური ვალუტის შესყიდვები. 

„2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 მლრდ დოლარს გადააჭარბა, აქედან 650 მლნ ევრო - რუს ტურისტებზე მოდიოდა. შედეგად, ავიასანქციების დაწესება და რუსეთიდან ტურისტების ნაკადის მკვეთრი შემცირება საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა. ჩემი ინფორმაციით, ტურისტების რიცხვი შემცირებულია დსთ-ის სხვა ქვეყნებიდანაც. გარდა ამისა, ზოგადად, თვის ბოლოსთვის დამახასიათებელია კონტრაგენტების ანუ სავალუტო ბაზრის მოთამაშეების მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვები საკუთარი ვალდებულებების დასაფარად, რამაც, ასევე შესაძლოა, გაზარდა უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა. 

ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, ეს ორი ფაქტორი - ერთის მხრივ, თვის ბოლოს ვალუტის შესყიდვები და მეორეს მხრივ, ტურისტული ნაკადების შემცირება ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომ ამბობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომ ის აკვირდება ამ პერიოდს“, - განაცხადა კოვზანაძემ და არ გამორიცხა, რომ სებ-ს მოუწიოს სავალუტო ინტერვენციების განხორციელება. 

„ჩვენ გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, რომელიც ასრულებს ამორტიზატორის ფუნქციას და შთანთქავს საგარეო შოკებისგან გამოწვეულ შედეგებს. თუ ლარის გაუფასურება ინფლაციაზე აისახება, ეროვნული ბანკი ვალდებულია, ჩაერიოს და მას აქვს ინსტრუმენტები ინფლაციის დასათრგუნად, მათ შორის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის აწევის, სავალუტო ინტერვენციებისა თუ სხვა ღონისძიებების მეშვეობით. 

ის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის დამოუკიდებლობა გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად, ამ ღონისძიებებს გამოიყენებს მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. საქართველოს მონეტარულ ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს აქვს ყველა ბერკეტი, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა“, - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)