ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება, რომ 31 ივლისს დილით, ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან ნასროლმა ორმა რაკეტამ 250 კილომეტრზე იფრინა და ზღვაში ჩავარდა.

თავად ჩრდილოეთ კორეას რაკეტების გამოცდის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ფხენიანმა იაპონიის ზავისკენ ორი რაკეტა გაუშვა 25 ივლისსაც. ქალაქ ვონსანის სანაპიროდან ნასროლმა რაკეტებმა ზღვაში ჩავარდნამდე 430 კილომეტრის მანძილზე იფრინეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მაშინ განაცხადა, რომ რაკეტების გამოცდა, რომელსაც პირადად ხელმძღვანელობდა, იყო გაფრთხილება სამხრეთ კორეაში აშშ-თან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნების გამო.

2018 წლის ივნისში, სინგაპურში შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ფხენიანმა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ აიღო ბირთვული შეიარაღების პროგრამის შეწყვეტის ვალდებულება. კონკრეტულ პირობებზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რას ამბობს შსს პოლიციელის მიერ ბავშვის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტზე (VIDEO)