ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

რა თუ ვინ აუფასურებს ლარს

ეროვნული ვალუტა დრამატულ გაუფასურებას განაგრძობს და ეკონომისტების სამომავლო პროგნოზი არც თუ სახარბიელოა. დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 2.9507 ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2889 ლარად შეიძენთ. გუშინ სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულებამ სამ ლარს მიაღწია და ეკონომისტები არ გამორიცხავენ ეს მონაცემი 3,5–მდე გაიზარდოს. თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით ვიმსჯელებთ, ამ ეტაპზე უწყება პროცესებში ხელოვნურ ჩარევას არ აპირებს.  


„დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. საქართველოში ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული. ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება,რომ საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რადგანაც შოკები ყოველთვის არის მოსალოდნელი მიმართულება, რომელიც არის მნიშვნელოვანი ეს არის დედოლარიზაცია. იმ შემთხვევაში თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში სესხები არებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში. საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი 2014-2016 წლებში, ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახეთ, რომ კურსის განვითარება ახდენს გავლენას ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი ჩაერევა და გამოიყენებს ბერკეტებს რომელიც გააჩნია,"-განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ გაცვლითი კურსი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე საგარეო შოკის ზომაა. დღის ბოლოს აღნიშნული პოზიცია გაიმეორა ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა მამუკა  ბახტაძემ:


„ველოდებოდით მეტ შემოსავლებს ტურიზმიდან, მაისის და ივნისის ციფრები იყო ყველაზე პოზიტიური, ყველაზე საუკეთესო საქართველოს ისტორიაში. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეკონომიკაში იყო მოლოდინი, რომ მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა ტურიზმის სექტორიდან. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო, რაც მოხდა, ეს ასე არ არის, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის ერთადერთი ფაქტორი, ამავე დროს, მნიშვნელოვანია იმასაც ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები არის საკმაოდ ძლიერი, აქედან გამომდინარე, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული, ეს არის დასკვნა ექსპერტების. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ამის შესახებ განცხადება, ბუნებრივია, ის არის დამოუკიდებელი ორგანო და მას აქვს თავისი მოსაზრება და მოსაზრება არის ძალიან ობიექტური, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა აკონტროლოს ინფლაციის ნიშნული და აუცილებლად უნდა ჩაერიოს იმ შემთხვევაში, როდესაც პარამეტრები შეიცვლება. მე მაქვს ეს მოლოდინი და ეროვნულმა ბანკმა ეს დაადასტურა“.

ფუნდამენტურ ფაქტორებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს:


"ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური ფაქტორები ექსპორტ–იმპორტია და არა აქ წარმოებული პროდუქცია. ვერ ვხედავ, რომ დღეს მოთხოვნა იყოს ფინანსებზე და ბიზნესაქტივობებზე. სამუშაო ადგილების შექმნაზე ეს ქვეყანა არაა ორიენტირებული. მეტიც, მთავრობა გვეუბნება, ქვეყანა დატოვეთ, კვალიფიციური მუშახელი ევროპას სჭირდება, ჩვენ უზრუნველყოფას მოგიხდენთ, რომ წახვიდეთ და ლეგალურად იმუშაოთო. ამდენად, თავსიუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან ჩვენ პროდუქციის ექსპორტს კი არ ვახდენთ, ხალხის ექსპორტით ვართ დაკავებული, ამით კი ეკონომიკა ვერ გაიზრდება. აქტიური ბიზნესი აქ აღარ იქნება. ვიცლებით ადამიანებისგან, რომელთაც ინვესტიციების მოზიდვა, აქტიური ბიზნესის, სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლიათ. შეხედეთ შრომისუნარიანი მოქალაქეების გადინების ტენდენციას. ცოტა ხანში გაუაზრებელი საპენსიო რეფორმის გადამხდელიც არ გვეყოლება".

სანამ ლარი დრამატულად უფასურდება, მმართველი გუნდი პასუხისმგებელ პირებს ოპოზიციაში ეძებს, კერძოდ, მათი ვერსიით, პროცესებმა დრამატული სახე 20–21 ივნისის მოვლენების შემდეგ შეიძინა, თუმცა რა აუფასურებდა ლარს 20–21 ივნისის მოვლენებამდე, კონკრეტული პასუხი არ არის. ამ მიმართულებით მმართველი გუნდის პოზიცია აბსურდულია ეკონომისტ გია ხუხაშვილისთვის:


"ხელისუფლება ოპოზიციის ოპოზიციაში წავიდა და პარტიზანული მეთოდებით ცდილობს, ხელისუფლება დაიბრუნოს. აბსოლუტურ აბსურდში ჩავარდნენ. ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ კი, ქვეყანაში ბევრი პრობლემააა, მაგრამ მე რა ვქნა? მაქვს მარტო ძალოვანი უწყება, კვირაში 4–4 კაცს დავიჭერ, TBC ბანკს დავანგრევ...ყველაფერი მინახავს, მაგრამ ხელისუფლება წასულიყოს ოპოზიციის ოპოზიციაში და იქიდან გაეჩაღებინოს პარტიზანული ბრძოლა, ასეთი არაფერი მინახავს. უცხოელებს რომ ვუყვები, არც იჯერებენ".

თანაგუნდელებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას და ფიქრობს, რომ პროცესებში ხელოვნური ჩარევა აუცილებელია:


„ლარის კურსი მხოლოდ 20 ივნისის მოვლენების ბრალი არაა, თუმცა იმის თქმაც, რომ პარლამენტთან მომხდარმა პროცესებმა ზეგავლენა არ მოახდინა, არასწორია. გუნდში ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მე ჩავერეოდი კიდევაც ასეთ დროს, როცა ემოციური ფაქტორი არის ასეთი დიდი.

როცა ეს ამბავი მოხდა და ცხადი იყო, რომ ტურისტების რაოდენობა შემცირდებოდა, ყველა მოქალაქე, ვისაც 100 ლარიც კი ჰქონდა, წავიდა და დოლარი იყიდა. მე ჩარევაში მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ ვგულისხმობ, მთლიან პროცესებზე მაქვს საუბარი. ეს ტურისტების ნაკადი ადრე თუ გვიან აუცილებლად აღდგება დივერსიფიცირებით თუ სხვა გზით, ამიტომ მე აუცილებლად ჩავერეოდი“.

ლარის პერსპექტივა 

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ლარის კიდევ უფრო დრამატული გაუფასურების მოლოდინშია. მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიდან გამომდინარე გიორგი ქობულია მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბებას ვარაუდობს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს და ახსენებს, რომ ისინი ვალდებულნი არიან, მოსახლეობას დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაცია მიაწოდონ. 


„ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი არის ჩვენს ეკონომიაში ვალუტის შემოდინების ნაკლებობა. კერძოდ, შეწყდა ტურისტული ნაკადი რუსეთიდან; უცხოელი ინვესტორები ფიქრობენ, გააგრძელონ თუ არა ინვესტირება. 

მოვლენები, რომლებიც დღეს ვითარდება, ჩემთვის მიუთითებს იმაზე, რომ უახლოეს მომავალში ლარის გაუფასურებაზე შეიძლება, დამატებითი წნეხი იყოს: ყველაფერი იმპორტირებულია – განფასებული დოლარში და თუ ლარი გაუფასურდა, მოსახლეობისთვის ის ყველა პროდუქტი, რაც ჩამოვთვალე, გაძვირდება. მოსახლეობა უფრო გაღარიბდება. პრობლემა დღევანდელი მთავრობის ის არის, რომ ეშინიათ ასეთი რაღაცების თქმა. ისინი ვალდებულები არიან, აუხსნან საზოგადოებას, როგორია რეალური სიტუაცია,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ელის, რომ ეროვნული ვალუტა მოცემულ ნიშნულს გადალახავს: 


„ახალი წლისთვის რუსული რუბლის და თურქული ლირის დევალვაციას ველოდებით, ეს სამწუხაროდ, ქართულ ლარზეც აისახება. ამ პერიოდისთვის ჩვენ გვექნება შემცირებული ტრანზაქციები რუსეთიდან და თურქეთიდან, რაც ძალიან დააწვება ლარს. უკვე არ გამოვრიცხავთ, რომ სამიანი ნიშნული უკან მოვიტოვოთ. უნდა მოხდეს ეკონომიკური გუნდის გადახალისება და ეროვნული ბანკის რეფორმირება“. 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს–ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონია აცხადებს, რომ მოცემულ რეალობაში ბიზნესმენებს ოპერირება გაუჭირდებათ და ხელისუფლებისგან კონკრეტულ განმარტებებს, სამოქმედო გეგმას ითხოვს: 


„გამოვიდნენ და კონკრეტულად ახსნან, თუ რა ხდება.თუ ეს არის ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ბრალი, გამოვიდეს, ეყოს იმის თავი ეროვნული ბანკის მმართველს, რომ ქვეყნის ეკონომიკური გუნდი შესაბამისად არ მუშაობს და ამიტომ ვართ ამ დღეში. რაღაც პოლიტიკურ პროცესებზე ამის გადაბრალება, ვთვლი,. რომ არის აბსურდი. ქვეყნის ეკონომიკას, ვინც ქმნის, ის ბიზნესმენები და ის ბიზნესი არის მძიმე მდგომაროებაში. ძალიან გაუჭირდებათ ამ კურსით ოპერირების გაგრძელება. ყველაზე მინიმუმ, თუ სამოქმედო გეგმა არ არსებობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“. 

შედარებით დამაიმედებელი მოლოდინი აქვს TBC–ს გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძეს. 


"ლარის კურსთან დაკავშირებით  TBC აწარმოებს კვლებვას და ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენიმე კვლევა დავდეთ. რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში რთულია პროგნოზირება, მოგეხსენებათ თავისუფალი გაცვლითი კურსია. ამჟამად ლარი გაუფასურებულია და გვაქვს მოლოდინი, რომ ლარი საშუალოვადიან პერიოდში უნდა გამყარდეს. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსთავი 2"–ის 60%–იანი წილი დაყადაღდა