ლარი უფასურდება – მოსალოდნელია თუ არა სამომხმარებლო ტარიფების გაძვირება

ეროვნული ვალუტა დრამატულ გაუფასურებას განაგრძობს და ეკონომისტების სამომავლო პროგნოზი არც თუ სახარბიელოა. დღეს ეროვნული ბანკის ოფიციალური მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, 1 დოლარის ღირებულება 2.9507 ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2889 ლარად შეიძენთ. გუშინ სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ღირებულებამ სამ ლარს მიაღწია და ეკონომისტები არ გამორიცხავენ ეს მონაცემი 3,5–მდე გაიზარდოს. თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებით ვიმსჯელებთ, ამ ეტაპზე უწყება პროცესებში ხელოვნურ ჩარევას არ აპირებს. არსებულ ვითარებაში ენერგეტიკოსი გია არაბიძე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფების გადახედვას არ გამორიცხავს. 


"ვფიქრობ, დავიწროვდება სემეკის მიერ ის სეგმენტი, რომელშიც მან უნდა არეგულიროს ტარიფები. ანუ აქ დარჩება მოსახლეობა, მცირე ბიზნესი და ა.შ, ამიტომ როდესაც სეგმენტი დავიწროვდება და ტარიფების რეგულირება უფრო იოლი იქნება, არ მგონია, მძიმე ტვირთად დააწვეს სამომხმარებლო ტარიფი მოსახლეობას. 

პრობლემატურია ენგურის წილიც. თუ მას ("ენგურჰესის" ელექტროენერგიას) პირდაპირ მოსახლეობაზე წამოიღებ და გადაანაწილებ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, მოსახლეობის ტარიფი საკმაოდ კარგად იგრძნობს თავს, სამაგიეროდ გაუარესდება სხვა დიდი მომხმარებლების ტარიფი", - აცხადებს ენერგეტიკოსი.   

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, იქიდან გამომდინარე, რომ მისი შესასყიდი ფასი აშშ დოლარშია ფიქსირებული, როგორც ენერგტიკოსი განმარტავს, ლარის გაუფასურებამ გაზის ტაიფზე შესაძლოა, უფრო მძიმედ იმოქმედოს, თუმცა სახელმწიფოს აქვს ბერკეტები, რომ მოსახლეობას ეს პრობლემა არ შეექმნას. 

"გაზს რაც შეეხება, იქ ცოტა უკეთესი სიტუაცია აქვს სახელმწიფოს, იმიტომ რომ მას შეუძლია კომპანიების მისასყიდი გაზის თანხის შემცირება, მოგების შემცირების ხარჯზე და ამით გაზის ტარიფის დაბალანსება, თორემ მძიმედ იმოქმედებს.გაზი მთლიანად დოლარშია ნაყიდი, ამიტომ იქ სერიოზული პრობლემა შეგვექმნება და სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ მოგების მარჟის შემცირებაზე კიდევ ერთხელ იფიქროს, რომ მოსახლეობას სამომხმარებლო ტარიფი მძიმე ტვირთად არ დააწვეს", - აღნიშნა მან bm.ge–სთან საუბრისას. 

ენერგეტიკოსი ვარაუდობს, რომ კომერციული სექტორს საკუთარი პროდუქციის გაძვირება მოუწევს. 

იხილეთ ასევე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა