"კახეთის გზატკეცილის 15 მლნ დაიხარჯა, დღეს კატასტროფული შედეგი გვაქვს"

შარშან კახეთის გზატკეცილის მარცხენა და მარჯვენა სათადარიგო გზების რეაბილიტაციაზე 15 მილიონი ლარი დაიხარჯა, დღეს კი კატასტროფული შედეგი მივიღეთ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, გზატკეცილის სათადარიგო სავალი ნაწილები, რომელთა რეაბილიტაცია შარშან განხორციელდა, უკვე გაფუჭებულია. თბილისის მერმა მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს იმ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა, რომლებმაც ამ მონაკვეთების რეაბილიტაცია განახორციელეს.

კახა კალაძის განცხადებით, როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, ეს კომპანიები საკუთარი სახსრებით სათადარიგო მონაკვეთებს ხელახლა გაუკეთებენ რეაბილიტაციას.

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შარშან განვახორციელეთ. ეს არის კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა მხარის სათადარიგოები. დღეს კი გეტყვით, რომ კატასტროფული შედეგი მივიღეთ. დღეს ეს სათადარიგოები მაქსიმალურადაა დატვირთული იმიტომ, რომ ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შარშან 15 მილიონი დაიხარჯა ორივე პროექტის განხორციელებისთვის. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა, რაც დღეს ხდება ამ მონაკვეთებზე. ჭის თავების ირგვლივ სრული კატასტროფაა. თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან გაიღებს ფულს, ძალიან ცდებიან.

როგორც კი ცენტრალური მაგისტრალის სამუშაოები დამთავრდება, ეს გზა ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ საერთოდ პრობლემა აღარ შეიქმნას ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად გულდასაწყვეტია ასეთი მიდგომა. იმ კომპანიებს მოუწევთ თავიანთი სახსრებით ამ ყველაფრის მოწესრიგება. დედაქალაქის მერია 1 თეთრს არ დახარჯავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)