საფრანგეთის ელჩი: "ამგვარი მოვლენები საქართველოს შესახებ ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის"

საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს შეფასებით, პროფესიონალი ბიზნესმენების ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოზე ცუდ შთაბბეჭდილებას ტოვებს. საუბარი TBC–ს დამფუნებლებზე – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, რომლებსაც გამოძიება 11 წლის წინანდელ ეპიზოდს ედავება.  

ფრანგი დიპლომარტი ხელისუფლებას ურჩევს, საინვესტიციო გარემოს გაუფრხილდეს და არ დატოვოს შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივ საკითხებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.  

"ამგვარი მოვლენები საქართველოს შესახებ ცუდ შთაბეჭდილებას ქმნის: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აღიარებული არიან პროფესიონალ ბიზნესმენებად. ისინი ლონდონში დირექტორთა საბჭომ აირჩია TBC–ჯგუფის თავმჯდომარეებად. რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რა ხდება სასამართლოში, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველომ შეინარჩუნოს იმიჯი როგორც დემოკრატიამ და ქვეყანამ, სადაც სამართლებრივი დავის წარმოება ხდება პოლიტიკური მოტივაციის გარეშე. იმედი მაქვს, ეს ღირებულებები დაცული იქნება",– განაცხადა დიპლომატმა.

მისივე თქმით, საქართველოს აკვირდებიან და როდესაც გაკვირდებიან, მიმზიდველი უნდა იყო ყველა კუთხით:

"რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ბევრჯერ მომისმენია მთავრობის წევრების – მინისტრების, პრემიერ–მინისტრის მხრიდან, რომ ეს ღირებული პროექტია. მოხარული ვარ, რომ ღირებული ფრანგული კომპანია შეარჩიეს ამ პროექტის მშენებლობისთვის. იმედი მაქვს, მოლაპარაკებები მთავრობას, კონსორციუმსა და კრედიტორებს შორის გაგრძელდება მშვიდად და პროფესიონალურად იმისთვის, რომ პროექტი განხორციელდეს. ასევე მნიშვნელოვანია, პროექტის დაფინანსება უზრუნველყოფილი იყოს. კომპანია ფინანსების გარეშე ვერაფერს გააკეთებს. ხალხი უყურებს საქართველოს და თუ გიყურებენ, მაშინ მიმზიდველი უნდა იყო ყველა კუთხით, ინვესტიციები კი ქვეყნის მიმზიდველობის მთავარი ელემენტია".   

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ამ დროისთვის ბიზნესმენებს გირაო აქვთ შეფარდებული და ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე აეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp