მარკ ბერენტი: "საქართველოში მედია პოლარიზებულია"

კრიტიკული მედია მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, არსებობდეს სანდო ინფორმაცია - არ შეიძლება, ინფორმაციის 95% პოლიტიზირებული აზრი იყოს, - ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციის, Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა მარკ ბერენტიმ “ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები და ქართული მედია გარემო შეაფასა და როგორც განაცხადა, საქართველოში მედია პოლარიზებულია, თუმცა შედარებით თავისუფალი.

“სტრასბურგის სასამართლომ დაინახა, რომ საქართველოში იურიდიული პროცესი სამართლიანად მიმდინარეობდა. ვიცი, რომ ეს საქართველოში ძალიან საკამათოა. პრობლემაა, რომ დემოკრატიულ დავაზე მეტად პოლიტიკური დავა წამოიწევს ხოლმე წინ. როდესაც გარკვეული ადამიანები ამბობენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ბატონმა პუტინმა ან ბატონმა ივანიშვილმა მოისყიდა, ეს გვანახებს, რომ მთავარია გაიმარჯვონ და არ აქვს მნიშვნელობა როგორ გაიმარჯვებენ. ასე რომ, ერთის მხრივ, მიხარია, რომ კანონი აღესრულება ქვეყანაში და რომ თუნდაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სასამართლო ნორმალურ პროცესს გადიოდა. ცხადია, ძალიან რთულია ახლა იმის დადგენა ვინ როდის რას ფლობდა, ეს კომპლექსური საკითხია. მაგრამ უნდა ვთქვა, რომ იმდგაცრუებული ვარ ამ პროცესის პოლიტიზებით“, - განაცხადა მარკ ბერენტიმ.

მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ქართველ ჟურნალისტებს უარი ეთქვათ კომპრომისზე და გაეშუქებინათ ახალი ამბები მიუკერძოებლად და არა ვინმეს პოლიტიკური არგუმენტის სასარგებლოდ.

“კრიტიკული მედია მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია არსებობდეს სანდო ინფორმაცია. არ შეიძლება, რომ ინფორმაციის 95% იყოს პოლიტიზირებული აზრი და 5% ახალი ამბავი, პირიქით უნდა ხდებოდეს. თუ დავინახავთ, რომ ქართველი ჟურნალისტები, აიძულებენ საკუთარ თავს, მართლაც ასე იმუშაონ, მაშინ მნიშვნელობა ექნება იმას, თუ ვინ ფლობს მედიას. კარგი იქნებოდა ჟურნალისტებს უარი ეთქვათ კომპრომისზე და გაეშუქებინათ ახალი ამბები მიუკერძოებლად და არა ვინმეს პოლიტიკური არგუმენტის სასარგებლოდ. მაგრამ ვფიქრობ, ჯერ კიდევ არსებობს სივრცე რეალური ახალი ამბების გასაშუქებლად. ხალხს მხოლოდ ინფორმაცია სჭირდება, ამ ინფორმაციის ახსნა და ნდობის გაჩენა იმაზე, თუ რას და როგორ უხსნიან“, - აღნიშნა Freedom House-ის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა.

მარკ ბერენტი ფიქრობს, რომ "რუსთავი2" იმ როლს თამაშობს, როდესაც კონკრეტული ოპოზიციური პარტიები მათი მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას და ეს მათთვის მნიშვნელოვანია.

კითხვაზე, როგორ შეაფასებთ ქართულ მედია გარემოს? ფიქრობთ თუ არა რომ ის პოლარიზებულია, ან იქნებ არიან მედია საშუალებები, რომლებიც სრულად დამოუკიდებლები არიან? მარკ ბერენტიმ განაცხადა, რომ „ვფიქრობ, მედია საქართველოში პოლარიზებულია“.

„თუმცა მედია გარემო, ასევე შედარებით თავისუფალია. ასე რომ, შესაძლებელია ჟურნალისტმა დაწეროს გასაგიჟებლად კრიტიკული გამოძიება და მას არავინ დაიჭერს ან მოკლავს. ყველგან ასე არ ხდება, რა თქმა უნდა. ვფიქრობ ქართველი ხალხი ამაყი უნდა იყოს, რომ ამას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რა მოუვა „რუსთავი 2“-ს, დარწმუნებული ვარ, რომ მედია ბაზარი განვითარდება და საჭიროების მიხედვით მოიქცევა, ახალი მედია გამოცემებიც გამოჩნდება, სადაც ის კრიტიკული აზრი, რაზეც საუბრობთ გაჟღერდება“, - განაცხადა Freedom House-ის წარმომადგენელმა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp