ლარის გაუფასურების პარალელურად 5% –იანი ეკონომიკური ზრდა – საქსტატი ფაქტორებს განმარტავს

საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ივნისში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9%-ით განისაზღვრა. 

დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ცალკეულ სექტორებში ზრდისა და კლების მიზეზები განმარტა:

  • მეტალურგიულ მრეწველობაში განვითარებული მოვლენები
  • უძრავი ქონებით ოპერაციების და მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის სექტორში ზრდა 
  • ვაჭრობის დარგში ზრდა 
  • ტურისტების რაოდენობის ზრდა

 

"დამამუშავებელი მრეწველობის დარგში ზრდა ძირითადად მეტალურგიულ მრეწველობაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. კერძოდ, დაახლოებით, 41%-ით არის გაზრდილი ფერო სილიკო მანგანუმის ექსპორტი, რომლის თითქმის ნახევარი დაახლოებით, 47% აშშ-შია ექსპორტირებული, ასევე დაახლოებით, 40%-ის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში. 

უძრავი ქონებით ოპერაციების და მომხმარებლისთვის სხვადასხვა სახის მომსახურების გაწევის სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა ისეთი  მომსახურებით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდამ, როგორიც არის მაგალითად, სარეკლამო საქმიანობა, საქმიანობა ბუღალტრული აღრიცხვის და აუდიტის სფეროში, მთარგმნელობითი საქმიანობა, კომპიუტერებთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე საქმიანობა არქიტექტურის სფეროში. 

ვაჭრობის დარგში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო დიზელის სათბობით საბითუმო ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან. მაგალითად, 17%-ით გაიზარდა დიზელის საწვავის იმპორტი. ამასთან, 2019 წლის ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 63%-ით გაიზარდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, რამაც ასევე დადებითი გავლენა მოახდინა ვაჭრობის სექტორზე. 

ვაჭრობის დარგზე ასევე დადებითად იმოქმედა ტურისტების რაოდენობის მატებამ. აღსანიშანვია, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში ქვეყანაში 472 ათასზე მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 18%-ით აღემატებოდა წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ზრდა ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებულ ტურისტულ ვიზიტებზე მოდიოდა. ეს ფაქტი აისახა, რასაკვირველია, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორზეც, რომელზეც 2019 წლის ივნისში  დადებითი ტენდენციები იყო ჩამოყალიბებული. 

ტრანსპორტის დარგში ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებასთან და ასევე სატრანსპორტო დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის გააქტიურება; აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სექტორს მიეკუთვნება ტურისტული სააგენტოებისა და სამოგზაურო ბიუროების საქმიანობაში ბრუნვის შედარებით მაღალი მაჩვენებელი. 

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის იანვრიდან ზრდის ტენდენციები ფაქტობრივად პირველად შეიმჩნეოდა და ამის გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია სამშენებლო საქმიანობის გააქტიურება, როგორც გზების, ხიდების, ესტაკადების, ასევე საერთო მშენებლობის მიმართულებით", - განაცხადა თოდრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას განაგრძობს. სავალუტი ჯიშურებში უკვე მეორე დღეა, 1 აშშ დოლარი 3–ლარამდე ღირს. ეროვნული ბანკი და მთავრობა აღნიშნულს ტურისტების რაოდენობის შემცირებას უკავშირებენ და პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკირებენ. 

ამავე თემაზე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp