ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ცენტრის ვებ-გვერდზე უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

„აბიტურიენტებს შეუძლიათ, პირადი ნომრითა და საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით, რომელიც მათ ბარათზეა მითითებული, შევიდნენ და გაიგონ თავიანთი ქულები. ასევე, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ „ჯეოსელიდან“ და „მაგთიდან“ ნომერზე 93333 და მიიღონ ეს ინფორმაცია. მინდა, გავაფრთხილო აბიტურიენტები, რომ სავარაუდოდ ათიათასობით აბიტურიენტი შეეცდება ქულების გაგებას, რის გამოც შესაძლოა, შენელდეს პროცესი და მომენტალურად ვერ მიიღონ მოკლე ტექსტური შეტყობინება. ამიტომ გაითვალისწინონ, რომ თითოეულ მესიჯზე 50 თეთრი ჩამოეჭრებათ და წუთში რამდენიმეს ნუ გაგზავნიან,“ – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

მისი ინფორმაციით, აბიტურიენტების 12,9% - მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა:

"რაც შეეხება სხვა საგნის შედეგებს, ვეცდებით, რომ ამ და მომდევნო კვირაში დაიდოს ყველა საგნის შედეგი. მას შემდეგ, რაც ყველა საგანში გამოქვეყნდება შედეგები, დაიწყება აპელაციის პროცესი".

როგორც გორგოძე ამბობს, ზოგადი უნარების 1 და მე-3 ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 22 ქულით, ხოლო მე-2 და მე-4 ვარიანტში 24 ქულით განისაზღვრა: 

"ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ პირველი და მესამე ვარიანტი წერეთ და მიიღეთ 22 ქულაზე ნაკლები, ამ შემთხვევაში თქვენ ეთიშებით საგამოცდო პროცესს. რაც შეეხება მე-2 და მე-4 ვარიანტებს, ამ შემთხვევაში გასმვლელი ქულა არის 24 ქულა. შესაბამისად, იმ აბიტურიენტებმა, ვინც 24 ქულაზე ნაკლები მიიღეს გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს... ზოგადი უნარების ტესტის ოთხი ვარიანტიდან თითოეული სხვადასხვა სირთულის იყო, რის გამოც მოხდა ქულების გათანაბრება".

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)