მერკელი – მაკრონზე: „ერთმანეთისგან მენტალურად განვსხვავდებით და ჩვენს როლებს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ“

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, მას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო ჭიდილი აქვს. 

გერმანია და საფრანგეთი ვერ თანხმდებიან იმაზე, რა ბედი ეწევა „ბრექსითის“ შემდეგ იარაღის ექსპორტისა და კლიმატის ცვლილებების პოლიტიკის საკითხებს.

ამის შესახებ მერკელმა გამოცემა შუედდეუტსცჰე ძეიტუნგ–სთან საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ერთმანეთში ჭიდილი გვაქვს. ერთმანეთისგან მენტალურად განვსხვავდებით და ჩვენს როლებს სხვადასხვაგვარად აღვიქვამთ.  ჩვენ გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური კულტურა, მაგალითად, მე ვარ კოალიციური მთავრობის კანცლერი და უფრო მეტი ვალდებულებები გამაჩნია პარლამენტის წინაშე, ვიდრე საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელსაც ეროვნულ ასამბლეაში შესვლის ნებაც კი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გერმანიამ და საფრანგეთმა თანამშრომლობის გაღრმავების ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების ფარგლებში არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ, განსაკუთრებით უზარმაზარი პროგრესი გვაქვს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. გადავწყვიტეთ, ერთად ვაწარმოოთ ავიაგამანადგურებლები და ტანკები. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, გვქონდა არასახარბიელო პერიოდებიც, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვპოულობდით ოქროს შუალედს.  გერმანიაა მზადაა, თანამშრომლობისთვის, რათა საბილოო ჯამში კომპრომისს მივაღწიოთ“, – განაცხადა მერკელმა.

კითხვაზე, ბოლო პერიოდში მას მაკრონთან ურთიერთობა ხომ არ გაუუარესდა, მერკელმა შემდეგი განაცხადა: „არა. არანაირად“.

მოგვიანებით მერკელის განცხადებას მაკრონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერთან „ნაყოფიერი დაპირისპირება“ აქვს.

„ნაყოფიერი დაპირისპირება ნიშნავს, როცა შენ შენს პარტნიორს რაიმეს სთავაზობ, შემდეგ ისმენ მის რეაქციას და ორივე ერთად ცდილობთ, მიაღწიოთ კომპრომისს. სწორედ ამის მოლოდინი აქვს საფრანგეთს“, – განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის: 2018 წლის იანვარში ქალაქ აახენში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი  ევროპის სხვა დედაქალაქებში შეშფოთების საგანი გახდა, რადგან ევროკავშირის რიგი სახელმწიფოები შიშობენ, რომ „ბრექსითის“ შემდეგ ხელშეკრულებამ შესაძლოა, გზა გაუხსნას პარიზ-ბერლინის ღერძს, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ბრიუსელში მისაღებ ყველა გადაწყვეტილებას.

აახენი იმპერატორ კარლოს დიდის ფრანკთა სამეფოში დედაქალაქი იყო. იგი მოიცავდა როგორც დღევანდელ საფრანგეთს, ისე გერმანიასა და ევროკავშირის დამფუძნებელი კიდევ ოთხი ქვეყნის - ბელგიის, იტალიის, ლუქემბურგისა და ჰოლანდიის ტერიტორიების უდიდეს ნაწილს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"