ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აქცენტი" უცვლელად გთავაზობთ: 

„სახალხო დამცველის მოწვევით, აღნიშნულ პროცესს დამოუკიდებლად აკვირდება ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR). სახალხო დამცველისათვის მნიშვნელოვანია დარწმუნდეს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე, კვალიფიკაციითა და რეპუტაციით საუკეთესო კანდიდატები შეირჩევიან. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა დანიშვნის/არჩევის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პროცესის, როგორც ადამიანის უფლებათა საკითხის მიმართ ვრცელდება სახალხო დამცველის საზედამხედველო ფუნქცია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით დაცულია საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება დაიკავონ საჯარო თანამდებობის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა, თუ ისინი აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით კი ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის სამართლიანად განხილვის უფლება. შესაბამისად, აღნიშნული უფლებების დაცვა ასევე ექვემდებარება სახალხო დამცველის ზედამხედველობას.

გარკვეული პირების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა სახალხო დამცველის 28 ივნისის განცხადებას, სადაც შევაჯამეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული პირველი ფარული კენჭისყრა, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა. განცხადებაში ყურადღება გავამახვილეთ მაღალი ხარისხის დამთხვევაზე 10 ბიულეტენს შორის და მივუთითეთ, რომ დანარჩენი სამი ბიულეტენის ფარგლებში ამ ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა. იმისათვის, რომ საზოგადოება არ იყოს შეცდომაში შეყვანილი და არ დარჩეს რაიმე კითხვის ნიშნები სახალხო დამცველის მხრიდან დაკვირვების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვასთან დაკავშირებით, გვსურს დამატებითი ინფორმაცია წარმოვადგინოთ აღნიშნულ საკითხზე.

პირველ რიგში, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სწორედ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ფარული კენჭისყრის შედეგები ბიულეტენების მიხედვით და ეს მონაცემები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ გაუსაჯაროვებია. ამ მონაცემების მიხედვით, ყველასათვის გახდა შესაძლებელი თავად ენახა, თუ რა ტიპის დამთხვევები იყო ბიულეტენებს შორის და გამოეტანა ობიექტური დასკვნები. სახალხო დამცველმა ძირითადი მიგნებების სახით გამოყო 10 ბიულეტენს შორის ძალიან მაღალი ხარისხის დამთხვევა, რაც არ გამოვლენილა დანარჩენ სამ ბიულეტენს შორის. კერძოდ, 10 ბიულეტენს შორის გამოიკვეთა:

1. 4 ბიულეტენი, სადაც ზუსტად ერთი და იგივე 20 კანდიდატი იყო შემოხაზული;

2. 3 ბიულეტენი, სადაც ზუსტად ერთი და იგივე სხვა 20 კანდიდატი იყო შემოხაზული;

3. 2 ბიულეტენი, სადაც ზუსტად ერთი და იგივე 20 კანდიდატი იყო შემოხაზული;

4. 1 ბიულეტენი, სადაც 15 კანდიდატი სრულად ემთხვეოდა ზემოთ ნახსენებ ოთხი ბიულეტენში შემოხაზულ კანდიდატებს, ხოლო ხუთი კანდიდატი სრულად ემთხვეოდა ზემოთ ნახსენებ ორი ბიულეტენში შემოხაზულ კანდიდატებს.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ 10-ივე ბიულეტენის ჯამში სულ შემოხაზული იყო 45 კანდიდატი და თითოეული მათგანი გადავიდა 50 კანდიდატისაგან შემდგარ სიაში. 10 ბიულეტენიდან არც ერთში არ ყოფილა შემოხაზული ერთი კანდიდატიც კი, რომელიც ვერ გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე.

რაც შეეხება დარჩენილ სამი ბიულეტენს, სახალხო დამცველის 28 ივნისის განცხადებაში ცალსახად მითითებულია, რომ ამ ხარისხის დამთხვევა, რაც ზემოთ არის აღწერილი, მათში არ გამოვლენილა. სახალხო დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ მათში შემოხაზული ხუთი კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არც ერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე. განვმარტავთ, რომ სამი ბიულეტენის ფარგლებში დამთხვევების ხარისხი ისეთივე მაღალი არ ყოფილა, კერძოდ:

1. პირველ და მეორე ბიულეტენს შორის ემთხვევა 20-დან 6 კანდიდატი;

2. პირველ და მესამე ბიულეტენს შორის ემთხვევა 20-დან 11 კანდიდატი;

3. მეორე და მესამე ბიულეტენს შორის ემთხვევა 20-დან 10 კანდიდატი.

ჯამში სამივე ბიულეტენის ფარგლებში შემოხაზული იყო სულ 30 კანდიდატი, რომელთაგან 18 შემდეგ ეტაპზე გადავიდა, ხოლო 12 – ვერ გადავიდა. ამათგან, სამივე ბიულეტენის ფარგლებში სრულად დაემთხვა ექვსი კანდიდატი.

სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ცხრილიდან ასევე შეიძლება იმ დამთხვევების ნახვა, რომელიც ფიქსირდება ამ სამიდან რომელიმე ბიულეტენსა და 10 ბიულეტენს შორის.

ზემოაღნიშნული მონაცემები ცხადად ადასტურებს, თუ რა განსხვავებაა დამთხვევების იმ ხარისხს შორის, რომელიც, ერთის მხრივ, 10 ბიულეტენის ფარგლებში, ხოლო, მეორეს მხრივ, სამი ბიულეტენის ფარგლებში გამოიკვეთა. ობიექტურ დამკვირვებელს ამ მონაცემებიდან დასკვნების გაკეთება არ გაუჭირდება. ამ დამთხვევების თანაბარხარისხოვნად წარმოჩენა და სახალხო დამცველის ძირითადი მიგნებების შერჩევით მიდგომად მოხსენიება შესაძლოა იყოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული პრობლემების გამართლებისა თუ მათგან ყურადღების გადატანის წარუმატებელი მცდელობა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი დააკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და მისი დასრულების შემდეგ საზოგადოებას გააცნობს შედეგებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"რუსთავი 2"–ის 60%–იანი წილი დაყადაღდა