“NATO-სთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, ჩაერთოს ჰორმუზის სრუტეში რაიმე მისიაში“

NATO–ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსისთვის ოფიციალურად არავის მოუმართავს, ჩაერთოს ჰორმუზის სრუტეში რაიმე მისიაში.

„ოფიციალური მომართვა ჯერ–ჯერობით არ ყოფილა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში პატრულირებისთვის საერთაშირისო კოალიციის შექმნას გეგმავს. ვაშინგტონის ინიციატივას მხარს უჭერენ  დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. გუშინ აშშ-მა გერმანიას ჰორმუზის სრუტეში დაგეგმილ საზღვაო მისიაში ჩართვის თხოვნით მიმართა, თუმცა ბერლინის პოზიცია ჯერ–ჯერობით უცნობია. 

სპარსეთის ყურეს რეგიონში ვითარება ბოლო რამდენიმე თვეა დაძაბულია.

რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის და გიბრალტარის ხელისუფლებამ ირანული ტანკერი დააკავა, რომელსაც სირიაში ნავთობი გადაჰქონდა. ტანკერი სირიისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ირანი დაკავებული ნავთობტანკერის გათავისუფლებას დღემდე ითხოვს. აღნიშნულის საპასუხოდ ირანის რევოლუციური გვარდიის წევრებმა ბრიტანული ნავთობტანკერი Stena Impero 19 ივლისს დააკავეს. ირანი დაკავებული ტანკერისა და მის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრების გათავისუფლებას ჯერ–ჯერობით არ აპირებს. Stena Impero ამჟამად ირანის ბანდარ აბასის პორტში იმყოფება. ტანკერზე გუშინ ირანული დროშა აღმართეს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp