ამერიკელი მეცნიერები მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ბორლაუგის პროგრამის ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში,  ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესორები, მანპრეტ სინისი და ჰარშავარდჰან ტიპარედი  ქართული მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ამერიკელმა მეცნიერებმა მეფრინველეობის სექტორის წარმომადგენლებსა და ქართველ სპეციალისტებს  ფერმებსა და ფრინველი ხორცის გადამმუშავებელ საწარმოებში  მიკრობიოლოგიური რისკების კონტროლის ღონისძიებების თანამედროვე მიდგომები  გააცნეს.

„ჯორჯიის უნივერსიტეტს მეფრინველეობის დარგში სასწავლო და კვლევითი პროგრამების, კერძო სექტორის კონსულტირების და საჭირო სამეცნიერო-ლაბორატორიული კვლევების  განხორციელებაში დიდი გამოცდილება გააჩნია. დღევანდელი შეხვედრა წარმატებული თანამშრომლობის დასაწყისია, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში მეფრინველეობის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, მიკრობიოლოგიური რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიცირებას“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა,  ლევან უჯმაჯურიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯიის უნივერსიტეტის ექსპერტები სოფელ კრწანისში, მეფრინველეობის კომპლექსებს მოინახულებენ და ფერმერებს ბიოუსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ კონსულტაციას გაუწევენ.  

შეხვედრას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული ღონისძიება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.



Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ხაზარაძის თქმით, "გახარიას წერილის" დაზღვევის მექანიზმზე კონსულტაციები წარმოებს