ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების ხელოვნურად შეჩერება გადაწყვიტა

ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.

„აქცენტი“ ეროვნული ბანკის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, 1 აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,“-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127.

31 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9507 ლარი ღირს, ევრო – 3.2889.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალიდან, პირველი აგვისტოდან შევა ძალაში.

ამავე თემაზე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ლარის გაუფასურების პარალელურად 5% –იანი ეკონომიკური ზრდა – საქსტატი ფაქტორებს განმარტავს

რა აუფასურებს ლარს: „ბევრ ინვესტორს პრობლემები შეექმნა: მათ წარმომავლობის მიხედვით არჩევენ“

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp