„თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე ისევ აგრძელებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

7 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ და ვარკეთილში 1.1-ჯერ, რუსთავში 1.4-ჯერ, ქუთაისში 2.2-ჯერ, ხოლო ბათუმში 2.8-ჯერ. 8 მაისს ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე, ვარკეთილში, ვაშლიჯვარში და ქ. ქუთაისში 1.1-ჯერ, თბილისში ,,ილიას ბაღში“ 1.3-ჯერ, ხოლო რუსთავში 1.9-ჯერ. 7 და 8 მაისს ნორმაზე გადაჭარბება გამოწვეული იყო განვითარებული სინოპტიკური პროცესით-საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით. 11 მაისს გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქ.ქუთაისში 1.3-ჯერ. 9, 10, 12 და 13 მაისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.

ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე 1.2-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ქ. ქუთაისში 1.1-ჯერ.  ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: საირმის ქ.N84, პირველ ექსპერიმენტულ სკოლასთან; საირმის ქ.N82, N171 საბავშვო ბაგა-ბაღთან, გლდანი, III მიკრორაიონი, N177-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, III მიკრორაიონი N190-ე ბაგა-ბაღთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე ნეა.გოვ.გე, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე აირ.გოვ.გე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp