ვიცე–პრემიერი ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ–ერთ მიზეზად ჟურნალისტის მიერ პუტინის გინებას ასახელებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ლარის გაუფასურების ერთ–ერთ მიზეზად ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გინებას ასახელებს.  

"პირველ რიგში, ლარს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა. ლარის დინამიკაც და კურსის დინამიკაც, როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისიდან და 20 ივნისის შემდეგ პროცესებს დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით. მილიონ ნახევარი ტურისტის დაკარგვით, ამ ყველაფერის შედეგად ჩვენ ვიღებთ იმ სურათს რა სურათსაც ვიღებთ დღეს", - განაცხადა ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"–თან საუბრისას.

ამასთან, ვიცე–რემიერი ირწმუნება, რომ ტყუილია ექსპერტების მტკიცება, რომ შექმნილ ვითარებაში სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა. 

მისივე თქმით, სახელმწიფო ყველანაირად უწყობს ხელს ბიზნესის, გლეხებისა და მეწარმეების განვითარებას, თუმცა ამ პროცესებს, მისი განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პირები უშლიან ხელს.  

"ყველაფერი ეს ფუჭია, მაშინ როდესაც გარკვეული რადიკალური მოძრაობა, "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივ რეჟიმში ვიმყოფოთ რევოლუციების, გადატრიალების ჭრილში. ამ ყველაფრის შედეგი არის ის შედეგი რასაც ჩვენ ვიღებთ", - განაცხადა ცქიტიშვილმა.  

ცნობისთვის: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა.

მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127.

31 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9507 ლარი ღირს, ევრო – 3.2889.

იხილეთ ასევე: ლარის პერსპექტივა: „არ გამოვრიცხავთ, სამიანი ნიშნული გადავლახოთ“

ლარის გაუფასურების პარალელურად 5% –იანი ეკონომიკური ზრდა – საქსტატი ფაქტორებს განმარტავს

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)