"საწვავის სფეროში კრიზისია, მარაგი თითქმის ამოიწურა"

კომპანია “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე საწვავის ფასების ზრდას აგვისტოს შუა რიცხვებიდან აანონსებს.

ამის შესახებ ურუშაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

„დღეს არის ძალიან კრიზისული მდგომარეობა, რადგან კომპანიები, რომლებიც დაკავებულები არიან ნავთობპროდუქტების იმპორტით გარკვეული პერიოდია, არიან მოლოდინის რეჟიმში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მარაგები თითქმის ამოწურულია. შესაბამისად, მათ მოუწევთ, რომ შემოიტანონ პროდუქტი ამ კონკრეტული კურსით და თავისთავად ეს უკვე დაახლოებით 10 დღის განმავლობაში აისახება ბენზინგასამართ სადგურებზე.  საწვავის ფასის წარმოქმნა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან: საერთაშორისო ბირჟაზე მოცემული ფასი ერთი ტონა ნავთობპროდუქტის, შემდეგ ამას ემატება ლოჯისტიკის ხარჯი, ტრანსპორტირება, სახელმწიფო გადასახადები – დღგ და აქციზის გადასახადი, რომელიც 2016 წელს საქართველოს მთავრობამ გააორმაგა და ამას ემატება ვალუტის კურსი. აქედან გამომდინარე, 15 აგვისტოდან ჩვენ მივიღებთ ახალ ფასებს ბენზინგასამართ სადგურებზე, რომელიც ძალიან არასახარბიელო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ურუშაძემ. 

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ეღირება, ევრო – 3.3127.

31 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9507 ლარი ღირს, ევრო – 3.2889.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp