სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას იწყებს. ამ მიზნით დღეს, 12:00 საათზე სემეკში სხდომაა ჩანიშნული, სადაც ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება. 

როგორც კომისიის სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ტარიფის დაანგარიშება იწყება შემდეგი კომპანიებისთვის: "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის" (ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის დადგენა), „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზისა“ და შპს „თელავგაზისთვის“. 

გარდა ამისა, დღესვე იწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და შპს „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით. 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ტარიფების გეგმიური გადახედვა ბუნებრივი გაზის სექტორისთვის არის გათვალისწინებული. ამ მიმართულებით სამომხმარებლო ტარიფების დაანგარიშებისას გასულ წელს მარეგულირებელ კომისიას აღებული ჰქონდა კურსი დოლართან მიმართებით 2 ლარი და 70 თეთრი. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp