1 აგვისტოდან რიგ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

დღეიდან, კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმართულებაა. შესაბამისად, დღეიდან საპილოტე პროექტი ამოქმედდება, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივ პარკირებას ითვალისწინებს. 

„საპილოტე პროექტი იწყება დღეიდან და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალებში იმუშავებენ და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ფასიანი პარკირებით და როგორ გადაიხადონ. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური მთელი ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს, იქ მცხოვრებლებს მიეღოთ სრული ინფორმაცია ამ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, დაინტერესებულ პირს მობილურში უკვე შეუძლია ჩამოტვირთოს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათ ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების და სხვა დეტალების გარკვევაში დაეხმარება. 

„ყველა სმარტფონისთვის არის ეს აპლიკაცია და მისი მეშვეობით შესაძლებელია გადახდა. ძალიან მარტივი აპლიკაციაა. რუკაა წარმოდგენილი, სადაც მითითებულია ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილები. როდესაც შეხვალთ აპლიკაციაში, ნახავთ, გადახდის მეთოდოლოგიას. ყველაფერი ძალიან მარტივადაა მოცემული“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძის თქმით, პარკირების საფასურის დაფარვა სწრაფი გადახდის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. 

თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა