ეკონომიკის სამინისტრო:"საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ"

საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. 

"საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხდნენ. აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შერეული კომისიის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ადოლჰაშემ ჰასან ნიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გაფორმდა, რომელშიც სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ორივე მხარის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მოაწერა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არის კვოტები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის 2019 – 2020 წლებისთვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს განსაზღვრული აქვს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ფუნქციონირებდეს სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების გამართული სისტემა" - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp