ზურაბ ადეიშვილი საკუთარ შეცდომებს ასახელებს

"რუსთავი 2-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან, რომელიც ამჟამად ბუდაპეშტში იმყოფება, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და პირად იუთუბ–არხზე გამოაქვეყნა.

ორსაათიან ინტერვიუში ადეიშვილი საუბრობს თავის მთავარ შეცდომებსა და მიღწევებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. ადეიშვილმა შეცდომებს შორის დაასახელა:

  • განათლების სფეროში საკმარისი თანხის არჩადება
  • ხელისუფლების შეცდომებზე არაადეკვატური რეაგირება
  • კრიტიკული მედიის შევიწროება 
  • ხალხთან კომუნიკაციის ნაკლებობა
  • ნარკოპოლიტიკა  
  • ფარული ჩაწერები 
  • სასამართლო
  • ბიზნესთან ურთიერთობის ფორმა
  • ციხეში არსებული პრობლემა

„რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები. ბევრი შეცდომა იყო. ამ გადმოსახედიდან ეს უკეთ ჩანს. ბევრი რამ ყველას უკეთესად რომ გაგვეკეთებინა, შანსი იყო, ქვეყნის სხვანაირად განვითარების. კონკრეტულ შეცდომებზე საუბარი რთულია. მოხდა გლობალური კატაკლიზმა, რომელიც რუსული სპეცოპერაცია იყო საქართველოში 2012 წელს. ამას დაერთო ბუნებრივი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან – ხელისუფლების ცვლილების. ეს სწორი იყო",– განაცხადა ადეიშვილმა.   

ამასთან, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამბობს, ის თავიდანვე ფიქრობდა, რომ ივანიშვილი რუსული პროექტი იყო და საკუთარ არგუმენტებს ასახელებს:

„საქართველო იყო პირველი რუსული პიარსპეცოპერაციის ადგილი. ამის შემდეგ ვიხილეთ ის, რაც მან [რუსეთი] გააკეთა აშშ–ში, გერმანიაში, ევროპის სხვა ქვეყნებში. პირველად საქართველოში გამოსცადეს ის ტექნოლოგიები, რაც შემდეგ გამოსცადეს სხვადასხვა ქვეყნებში მეტ–ნაკლები წარმატებით: სოციალური ქსელები, ფეიკ–ნიუსი რამდენიმე ნარატივით – ნაწამები ვაჟკაცი, სანდრას მიერ ორგანოებით ვაჭრობა და ა.შ.“

გვარამიამ იკითხა, რატომ დაიჯერა ხალხმა 26 000 ნაწამები ვაჟკაცის შესახებ, რაზეც ადეიშვილმა უპასუხა: „რეფორმების მთავარი პრობლემა არის ის, რომ რჩება ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი; როდესაც რეფორმას ატარებს უწყება, რომელიც მანამდე სხვაგვარად მოქმედებდა და მზად არ იყო ამისთვის, უშვებს უამრავ გადაცდომას და შეიძლება, ჩაიდინოს დანაშაულიც. ის, რომ პოლიციამ შეიძლება, ჩაიდინოს დანაშაული, ამისგან დაზღვეული არავინაა, ეს ხდება უამრავ ქვეყანაში, მაგრამ სამართალდამცავი უწყება არ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე, რომ შედეგებისთვის ებრძოლა“.

ამ კონტექსტში გვარამიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გაიხსენა და ჰკითხა იუსტიციის ყოფილ მინისტრს, გადადგებოდა თუ არა შს მინისტრის თანამდებობიდან ვანო მერაბიშვილის ადგილზე.

„ალბათ კი. უფრო მეტ საშუალებას მივცემდი სამართალდამცავ ორგანოებს მუშაობისთვის, მეორეც – საკუთარ თავს მივცემდი შესაძლებლობას, არ ამეღო იმაზე მეტი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ვიდრე ადამიანმა მსგავს შემთხვევაში უნდა აიღოს. მაშინ ნამდვილად მეგონა, რომ ეს [მერაბიშვილის გადადგომა] იყო ძალიან დიდი საფრთხე ქართული სახელმწიფოსთვის“,– უპასუხა კითხვას ადეიშვილმა.

ამასთან, მან საკუთარი და გუნდის მთავარი შეცდომები დაასახელა:

„ეს იყო ორი რამ: ერთი, იმ პროცესში, როდესაც ახალ სახელწიფოს ვაშენებდით, არ ჩავდეთ საკმარისი ფინანსები განათლებაში, რომ შეგვეცვალა პოლიტიკური ელიტა; მეორე – უფრო ნაკლები ტოლერანტობა უნდა ყოფილიყო ხელისუფლების დარღვევების მიმართ. იყო ნარატივი, რომ ესენი არიან სისხლისმსმელი ადამიანები, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიდგება...არ დაისაჯა კონკრეტული სამართალდამცველი, არ იქნა გამოძიებული რომელიღაც კორუფციის საქმე. უფრო დაუსჯელობაზე საუბრობენ, რომ შეიქმნა რაღაცა დონის დაუსჯელობის სტანდარტი, თუმცა რაც ერთ ადამიანს უნდა გაეკეთებინა, იმდენი მემგონი, გავაკეთე“.

გვარამიამ ადეიშვილს ჰკითხა, რატომ იყო ნებარდართული ის შს სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რაც არ იყო დაშვებული პროკურორებისთვის, მათ შორის ზედმეტად მკაცრი კრიტერიუმები და რატომ არ მიუთითებდა ამ ორმაგ სტანდარტზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა საკუთარ მეგობრებს. ადეიშვილმა აღნიშნა, რომ ნიუთითებდა, თუმცა „მათაც რთული ამოცანა ჰქონდათ შესასრულებელი. კადრების პრობლემაც იყო. სწორედ ეს იყო მთავარი პრობლემა, რომ ახალი პოლიტიკური ელიტა ვერ გაიზარდა იმ ფასეულობებზე, რომელიც ჩვენ გვქონდა და ბევრმა ვერც პირად სიკეთეზე თქვა უარი". 

ამასთან, ადეიშვილი ერთ–ერთ ყველაზე სერიოზულ შეცდომად ბიზნესმენების წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ასახელებს: 

„ბიზნესის მიმართ წინასწარი პატიმრობის გამოყენება სერიოზული შეცდომა იყო. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც არ უნდა გაგვეკეთებინა“.

გვარამია დაინტერესდა, რატომ ერიდებოდა ადეიშვილი ჟურნალისტებან საუბარს, მით უფრო, რომ მას „აეწება ძალიან ცუდი კლიშეები“ და თვიდა თუ არა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი იყო საჭირო.

„აუცილებლად იყო საჭირო [კომუნიკაცია]. ჩვენი დამოკიდებულება იყო ასეთი: თუ რაღაც ინფორმაცია არასწორია, ადრე თუ გვიან ამას საზოგადოება გაიგებს. საბოლოო ჯამში, საკუთარი გამოცდილებით გავიგეთ, რომ ეს აბსურდია და პოლიტიკაში ასე არ მუშაობს. ყველა შენი ქმედება უნდა ახსნა, განსაკუთრების ის, რომელიც იწვევს კითხვის ნიშნებს, თუნდაც არასწორს...საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან გვჭირდება. ამასთან, მთავარი პობლემაა, რომ რეფორმები ყოველთვის იწვევს სოციალურ დეზინტეგრაციას და ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ ამის ეფექტი“,– უპასუხა ადეიშვილმა.

კიდევ ერთი შეცდომა, რომელზეც ადეიშვილი აღიარებს, მარიხუანის მოხმარებისა და ფლობისთვის ადამიანების დაკავებაა. 

ნიკა გვარამიას კითხვაზე, მარიხუანის მოწევის გამო ციხეში რატომ იჯდა გამო ძალიან ბევრი ადამიანი, ზურაბ ადეიშვილი პასუხობს:

"არა. არ იყო ნორმალური. ეს იყო დიდი შეცდომა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ მერე შეიცვალა საერთაშორისო პრაქტიკაც. ჩვენ არ გვეყო იმდენი გამოცდილება, რომ სწრაფად დაგვეწყო [ნარკოპოლიტიკის] ლიბერალიზაცია”.

ადეიშვილმა კრიტიკული მედიის არსებობის საჭიროებაზეც ისაუბრა, თუმცა გვარამიამ მას შეახსენა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ყველაფერი გაკეთდა, რათა კრიტიკული მედია არ ყოფილიყო, რაზეც ყოფილმა მინისტრმა უპასუხა:

“მოდი, ასე ვთქვათ, კრიტიკული მედია ყოველთვის იყო, თუმცა შეცდომები ძალიან ბევრი იყო. დავინახეთ, შეცდომა მოგვივიდა. იყო სხვანაირი დამოკიდებულება: ჩვენ თვლიდით, რომ გარე საფრთხეები იყო. არსებობდა შიში, რომ ვიღაც კორუფციული ჯგუფები გააკეთებდნენ რევანშს. აღმოჩნდა, რომ ეს არ მუშაობს”.

შემდეგ შეცდომად ადეიშვილმა 2007 წლის ნოემბერში პოლიტიკოსებზე ფარული ჩანაწერების ეთერში გაშვება დაასახელა, თუმცა, ისევ ირწმუნება, რომ მაშინ “რუსებისა და ბადრის[პატარკაციშვილის]” მხრიდან სახელმწიფოს მიტაცების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

“რეალურად, 2007 წელს ჩვენ სახელმწიფომ ავარიდეთ ის, რაც 2018-ში გახდა ცხადი, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები იყო და ყველამ კარგად დაინახა, რომ სახელმწიფო იყო მიტაცებული. 2007-ში იგივე მცდელობა იყო რუსების და ბადრის მხრიდან. 2012-ში ეს მოხდა, თუმცა საზოგადოებას სხვა არგუმენტებიც ჰქონდა, რის გამო უნდა შეეცვალა ხელისუფლება და შემდეგ გახდა ეს ცხადი, რომ აბსოლუტურად სხვა ხელისუფლება უნდა იყოს”, – აცხადებს ადეიშვილი.

რაც შეეხება ციხიეს პრობლემას, ადეიშვილის თქმით, სატელევიზიო ეთერი გასული კადრები "ფეიკ–ნიუსი" იყო, თუმცა ციხეში პრობლემების არსებობა ცალსახაა. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp