JICA -ს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ერთობლივი პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში, იაპონელი ექსპერტები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების შესაძლებლობებს ეცნობიან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელთან,  ეჯირი იოკიჰიკოსთან  და იაპონელ ექსპერტებთან ერთად პროექტის მიმდინარეობა და ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

იაპონელი ექსპერტების საქართველოში  ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოში.  იაპონელი სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას წილკნის ბაზაზე გაეცნენ. კვლევითი ჯგუფის წევრებმა სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებიც   დაათვალიერეს. შეხვედრები გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის  და  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელოს რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებთან.

პროექტის „ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნა“ ფარგლებში, იაპონელმა ექსპერტებმა  საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში მოქმედი  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას ადგილზე გაეცნენ.  

საკონსულტაციო-კვლევითი ჯგუფის ვიზიტის მიზანია ბიზნესზე ორიენტირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოდელის შექმნის შესაძლებლობის შესწავლა. ვიზიტის დასრულების შემდეგ  მომზადდება  რეკომენდაციები, რომლის  საფუძველზე შედგება სასწავლო და ტრენინგ კურსების პროგრამა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp