ადეიშვილი – ბიზნესთან ურთიერთობაზე: „სერიოზული შეცდომა იყო“

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა „რუსთავი 2“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთვის მიცემულ ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ბიზნესან ურთიერთობის სპეციფიკაზე ისაუბრა.

როგორც ადეიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა წვრილ და საშუალო მეწარმეებზე განხორციელებული წნეხი – მცირე დარღვევებისთვის მათი დაჯარიმება და ბიზნესმენების წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენება იყო.

„დღეს ყველაზე მყარი და მუშა კლიშე ხელისუფლების და ადეიშვილის წინააღმდეგ არის ბიზნესის დაწიოკება. რატომ აწიოკებდა ზურაბ ადეიშვილი ბიზნესს?“,– იკითხა გვარამიამ. ადეიშვილმა საპასუხოდ იმჟამინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება განმარტა:  

„ძველი თამაშის წესები იყო: მიეცი ქრთამი პროკურორს, პოლიციის უფროსს, საგადასახადოს თანამშრომელს და ყველაფერი იქნება კარგად. ამ სისტემის ჩაჭრა მოგვიწია. შევადაროთ, როგორ მუშაობდა საგადასახადო 2012 წელს და რამდენიმე წლით უკან – 2006–2007–2008 წლებში, დიდი სხვაობა იყო...მიდგომები ჩვენ თავადაც შევცვალეთ. მანდ პრობლემა იმაში კი არ იყო, ვთქვათ, ვიღაცას უკანონო გადასახადი დაუწესდა იმისთვის, რომ სიღნაღი აშენებულიყო...დავუშვათ, ადამიანს აღმოუჩინეს, რომ მოიპარა 20 ან 10 მილიონი ლარი, ძირითადად ეს იყო სახელმწიფო შესყიდვები (ძალიან კარგად ვიცით, რომ ვიღაცეებმა ხელი მოითბეს, ვიღაცეები გამდიდრდნენ კიდეც). სწორი პროცედურაა, რომ დაყადაღდეს საწარმო, გადაიხადოს გადასახადი და თავად პირი უნდა დაისაჯოს. იმის გამო, რომ ეს ძალიან დაარტყამდა ეკონომიკას, მათ შორის კომპანიასაც, მას ეუბნებოდნენ, იმ ფულის ნაწილი, რაც შენ სახლში წაიღე, მოახმარე საზოგადოებასაც. რა თქმა უნდა,. არ ვამართლებ იმ პროცედურას, რაც მაშინ გავაკეთეთ. ახლა ლეგალიზაციას გავაკეთებდი. მაშინაც რაღაც ნაწილის ლეგალიზაცია გავაკეთეთ. როდესაც ქრთამს აძლევ, ხდები ექსკლუზიური, ამიტომ ურჩევნიათ საქართველოში ბევრ ბიზნესმენს ქრთამის მიცემა. თუ დავაკვირდებით, როგორ შემცირდა საგადასახადო შემოსავლების შეგროვება – 3%, დაახლოებით, 470 მილიონი დოლარით, რაც ნაწილდება ჯიბეებში...პროკურორი ალბათ ისვენებს დღეს რივიერაზე. ბევრს აღმოაჩენ მანდ. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველომ გახსნა ახალი, რუსული ბაზარი, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი უნდა იყოს თუ დაბალი? და რატომ არის უფრო დაბალი, ვიდრე იყო“.

ადეიშვილი ირწმუნება, რომ ის კერძო ინტერესებისთვის არასდროს მოქმედებდა:

„ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იტყვის, რომ მე კერძო ინტერესებით ვმოქმედებდი და მეორეც, თუ იყო ამ საქმეების ბოროტად გამოყენების ფაქტები, რატომ ვიღაც არ დაისაჯა?“.

ნიკა გვარამიამ მას აკურის ღვინის ქარხნის საქმე შეახსენა, რისთვისაც იუსტიციის ყოფილ მინისტრს პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი.

„ეს ძალიან კარგი მაგალითია, თუ როგორ იქმნება ბიზნესის ჩამორთმევის კლიშე: არსებობდა ბათუმის საზღვაო ბანკი, რომელიც იყო სახელმწიფოს კუთვნილება. ყველამ ვიცით, რომ ეს რეალურად ასლან აბაშიძის პირადი ბანკი იყო: ხდებოდა ფულის გათეთრება და სახელმწიფო ფულების გადაქაჩვა ბანკში და შემდეგ უკვე საკუთარი მიზნებით იყენებდა ფულს. ყველამ იცოდა, რომ ასლან აბაშიძეს ჰქონდა აკურის ქარხანა. როდესაც ასლან აბაშიძის რეზიდენციაში შევედით, სხვენში რამოდენიმე ასეული ბოთლი, აკურაში დამზადებული ღვინო, რომელსაც ეწერა ასლან აბაშიძე. ამ საწარმომ [აკურამ] აიღო ვალი საზღვაო ბანკიდან, რომელიც იყო სახელმწიფო ბანკი და რომლის მიმართაც გვქონდა სისხლის სამართლის საქმე, რადგან ამ ბანკით აბაშიძემ სახელმწიფო ფული მოიპარა და ჩვენ ამ ფულს მივყვებოდით. მივყევით ამერიკაშიც და იქიდან რამდენიმე მილიონი დოლარი დავაბრუნეთ. აქ რომ რამე დარღვევა ყოფილიყო, ამერიკის მთავრობა ამ ფულს საზღვაო ბანკში ძალიან ოპერატიულად არ დააბრუნებდა. აკურამ აიღო საზღვაო ბანკიდან მილიონი დოლარი, პროცენტებით ეს ავიდა ორ მილიონზე. ჩვენ ქარხანას ვუთხარით: გაქვთ ორი არჩევანი – გადაიხადე თუნდაც ძირი თანხა, პროცენტებს, ქონებას აღარავინ გედავებათ, ან მეორეა – რადგან აიღეთ სესი, რომელიც უზრუნველყოფილია, ქარხანა არის ბანკის საკუთრება. ამ ადამიანმა დააბრუნა ქონება. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, სესხის ნახევარიც რომ გადაეხადა, რადგან როგორც ჩანს, იქაც [ქარხანაში] რაღაც მოხდა: ქონება ძვირად იყო შესყიდული, მიწა სხვას ეკუთვნოდა და ა.შ. და შემდეგ რატომ გაცოცხლდა ეს საქმე? იმის გამო, რომ რუსული ემბარგო იყო, ჩვენ 2007–2012 წლამდე გვიწევდა ყურძნის ჩაბარება სახელმწიფო საწარმოებში, შემდეგ ღვინოდ ან სპირტად გადამუშავება. დაგროვილი იყო ძალიან დიდი რაოდენობის ქონება  – ღვინო და სპირტი. ჩემი ინფორმაციით, 2013 წლისთვის ინახებოდა 5–6 მილიონი დოლარის ოდენობის ქონება, ზოგი ამბობს, რომ მეტიც, თუმცა მე არ ვიცი. შემდეგ ეს აღოჩნდა რაღაც კომპანიის ხელში, რომელიც ივანიშვილის ძმასთანაა დაკავშირებული",– ყვება ადეიშვილი.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp