„რუსთავი 2“–ის დამფუძნებლები: „2004 წელს „ენმ“–ის მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს ახლა „ოცნება“ იკავებს“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დამფუძნებლების დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, 2004 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს ახლა „ქართული ოცნება“ იკავებს.

“2004 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მიტაცებულ ტელევიზიაში გამოთავისუფლებულ ადგილს წარმატებით და მეთოდურად იკავებს 2012 წელს სამართლიანობის აღდგენის დაპირებითა და ვალდებულებით მოსული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მივიჩნევთ, რომ 30 ივლისს ჩვენთვის „რუსთავი 2-ის“ 40%-იანი წილის შემოთავაზებაც ამის დასტურია. 

ამ ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში მიზანმიმართული ქმედებებით გზა არ მისცა პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, რომელმაც დაზარალებულებად გვცნო, თუმცა საქმე დღემდე თაროზე აქვს შემოდებული.

ბოლოდროინდელი შეთავაზების მიღება კი ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საბოლოოდ დაიბანოს ხელი 7 წლის წინ დაწყებულ გამოძიებაზე და სამართლიანობის აღდგენის ილუზია შეუქმნას საზოგადოებას.

ამ შემოთავაზებას წინ უძღოდა და ახლაც ფონად გასდევს ჩვენ წინააღმდეგ სახელმწიფოს სრული მობილიზება სხვადასხვა ფორმით.

ჩვენთვის რთული წარმოსადგენი იყო, რომ ტელევიზიის წართმევიდან მე-15 და სამართლიანობის აღდგენის ვალდებულებით მოსული გუნდის მმართველობის მეშვიდე წელს, ხელისუფლება ყველა ხერხით, მათ შორის სამთავრობო ტროლების და ბოტების არნახული გააქტიურების გზით აბსურდულ ბრალდებებს გაგვივრცელებდა, ბოიკოტს გამოუცხადებდა საპარლამენტო მოსმენას და უმადურებად გამოგვაცხადებდა, რადგან არ ვიღებთ „დიდსულოვნად“ ნაბოძებ საჩუქარს.

სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, ჩვენ არ ვაპირებთ თანამონაწილე სტატისტების როლში ყოფნას „რუსთავი 2-ის“ კვლავ სახელმწიფო არხად გადაკეთების პროცესში. ხელისუფლებას არ გამოუვა სამართლიანობის აღდგენად გაასაღოს „რუსთავი 2-ის“ უკანონო მფლობელთა ჯაჭვში შუალედური რგოლისთვის ტელევიზიის გადაცემა. „ქართული ოცნება“ ისტორიაში შევა, როგორც „რუსთავი 2-ის“ მიმტაცებელი უკვე მეორე ხელისუფლება.

ჩვენი მიზანია წართმეული უფლების აღდგენა სამართლებლივი გზით და არა კულუარული გარიგების შედეგად. სახელმწიფო ჩვენ მიმართ უხეშად არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 მუხლს, რომლის მიხედვითაც ყველას, ვისი ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებებიც ირღვევა, აქვს ეფექტიანი ზომის მიღების უფლება ეროვნული ხელისუფლების წინაშე, თუნდაც ეს დარღვევა ჩადენილ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც ოფიციალური უფლებამოსილებით მოქმედებდნენ.

შესაბამისად, ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს თაროზე შემოდებული, 2012 წელს დაწყებული გამოძიების ბოლომდე მიყვანა და ტელევიზიის მისი დაფუძნებლებისთვის დაბრუნება.

ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია”, – აცხადებენ ტელეარხის დამფუძნებლები. 

რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“–ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 40% შესთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელებმა უარი თქვეს. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ მათ 60% და შესაბამისად საკონტროლო პაკეტი წაართვეს თავის დროზე.

“ჩვენ განვაგრძობთ სამართლიან ბრძოლას, რათა „რუსთავი 2-მა“ დაიბრუნოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მეოთხე ხელისუფლების, თავისუფალი მედიის ფლაგმანის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია”, – აცხადებენ დვალი და აქიმიძე.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თამილა ლაფანაშვილმა ოს ხალხს მიმართა:"მჯერა, გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით ისევ მოგვარდება"