რუსეთის სათათბირო "ოსი ხალხის გენეცოდის” აღიარების საკითხს განიხილავს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საბჭო "ოსი ხალხის გენეცოდის” აღიარების საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განუცხადა.

ცნობისთვის: 19 ივლისს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთს “1920 წელს საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ ოსების გენოციდის” აღიარების თხოვნით მიმართა. მიმართვის ტექსტი რუსეთის პრეზიდენტსა და მთავრობასაც გადაეგზავნათ.

«ქართული აგრესიისთვის ფორმალურ საბაბად სამხრეთ ოსეთის რევკომის 1920 წლის 8 ივნისის ბრძანება იქცა "სამხრეთ ოსეთში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებისა და საბჭოთა რუსეთისადმი მიერთების შესახებ". უკვე 12 ივნისს კი ქართულმა არმიამ პოლკოვნიკ ჩხეიძის ხელმძღვანელობით სამხრეთ ოსების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო. ქართულმა ჯარებმა გადაწვეს პრაქტიკულად ყველა ოსური სოფელი ცხინვალიდან ჩრდილოეთ დაბა რუქამდე, გაწყვიტეს მოსახლეობა, ბავშვების, ქალებისა და მოხუცების ჩათვლით» - ნათქვამია მიმართვის ტექსტში.

როგორც მიმართვის ერთ-ერთი ინიციატორი – პარტია “ნიხასის” წევრი, დე ფაქტო დეპუტატი დავით სანაკოევი განმარტავს, იდეა ადრეც არაერთგზის დამდგარა დღის წესრიგში,  ამჯერად კი მისი წამოწევა იმ გარემოებას უკავშირდება, რომ “მომავალ წელს ოსების გენოციდის მე-100 წლისთავია”:

”ჩვენ პირველები არ ვართ, ვისაც ოსების გენოციდის აღიარების  საკითხი დაუყენებია დღის წესრიგში: ჩვენამდე იგი გასული საუკუნის 90-იან წლებში წამოსწიეს, შემდეგ, 2006-2007 წლებში დეკლარაციაც კი მომზადდა 1920 და 1989-92 წ.წ. გენოციდის პოლიტიკურ-სამართლებრივ შეფასებასთან ერთად. ვთვლით, რომ საერთაშორისო საზოგადოების მიერ 1920 წლის გენოციდის აღიარების შემთხვევაში საქართველო 1989 და 2008 წლებში ასე ვეღარ მოგვექცეოდა”.

რუსი პოლიტოლოგების ნაწილი ოსური დე ფაქტო პარლამენტის მიმართვას “მსოფლიოს წინაშე ოსების ისტორიული სიმართლის შესახებ განაცხადად” აფასებს. ქართველი კოლეგები კი მათ განცხადებებს "აბსურდს" უწოდებენ.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე:

"საბჭოთა კავშირამდე სამხრეთ ოსეთის რაიმე სუბიექტის სახით არსებობა ნონსენსია: ცხინვალის მთელი რეგიონი შედიოდა თბილისის გუბერნიაში, რომელიც ქართლ–კახეთის სამართალმემკვიდრე გახლდათ. მეტიც, ცხინვალში თითქმის არ ცხოვრობდნენ ოსები. იქ ძირითადად წარმოდგენილნი იყვნენ ქართველები, სომხები და ებრაელები. გარდა ამისა, ჩრდილოეთ ოსეთში არსებული ალაგირის რაიონის ნაწილიც – ისტორიული დვალეთი თბილისის გუნებნიის შემადგენლობაში შედიოდა, კიდევ უფრო ადრე – ქართლ–კახეთის სამეფოს. ის ოსებიც კი, რომლებიც თანამედროვე ჯავის რაიონში სახლობდნენ, ემორჩილებოდნენ საქართველოს მეფეებს თუ მათ სამართალმემკვიდრეებს. ამდენად, ოსური სახელმწიფოს არსებობაზე საუბარი სრული აბსურდია. ეს თვით ერთ–ერთმა რუსმა იმპერიალისტმა მაქსიმ შევჩენკომაც დაადასტურა საკუთარ ინტერვიუში",– განუცხადა "აქცენტს" კავკასიოლოგმა.  

რაც შეეხება გენოციდს, კავკასიოლოგი სეპარატისტებს ურჩევს, მის არსში გაერკვნენ: 

"გენოციდის საკითხით მანიპულაცია ოსი სეპარატისტების ერთ–ერთი საყვარელი ხრიკია. ისინი იგივე ტექტიკას იყენებენ ინგუშებთან მიმართებით, ამავე ტაქტიკას იყენებდნენ 1990–იან წლებში და ა.შ. თუმცა რატომღაც ამ "გენოციდის" შემდეგ მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორია იზრდებოდა, რაც ნონსენსია მსოფლიოს ისტორიაში. გენოციდი ნიშნავს რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, პოლიტიკური და ა.შ. ნიშნით ადამიანთა დიდი ჯგუფის განადგურებას და ტერიტორიიდან გაძევებას და არა კონტროლირებადი ტერიტორიის ზრდას". 

ამასთან, კავკასიოლოგი არ ელის, რომ კრემლი, მიუხედავად პუტინის განცხადებისა, ამ მიმართულებით რაიმე სახის ნაბიჯს გადადგამს. მიზეზად კვახაძე რუსეთის ფედერაციის შიგნით არსებულ პრობლემებს ასახელებს უშუალოდ გენოციდთან დაკავშირებით: 

"აქამდე ოსები ძირითადად 90–იან წლებში ცხინვალის რეგიონში მომხდარი კონფლიქტისა და 2008 წლის ომის გენოციდად წარმოჩენას ცდილობდნენ, განსაკუთრებით აპელირებდნენ ძარის გზაზე მომხდარ ტრაგედიაზე [90–იან წლებში]. ოსების ვერსიით, ორმხრივი სროლისას მშვიდობიანი ოსი მოსახლეობა დაიღუპა და ამას გენოციდის ფაქტად ასახელებდნენ, მაგრამ 20–იან წლებზე აპელირება ახალია. რა თქმა უნდა, ოსები თავიანთი ისტორიული ნარატივის წინ წამოწევას ცდილობენ.  თუმცა,არ ვფიქრობ, რომ რუსეთი ამ მიმართულებით ოფიციალურად გადადგამს რაიმე სახის ნაბიჯს: რუსეთს თავად აქვს გენოციდის პრობლემა იგივე ჩეჩნების, ინგუშების, ჩერქეზების. ამის რეალური მტკიცებულებებიც არსებობს და ეს თავად რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც კი აქვთ აღიარებული: ყაბარდო–ბალყარეთმა და ადიღეს რესპუბლიკამ 90–იან წლებში აღიარეს ჩერქეზთა გენოციდი. გარკვეული პრეტენზიები აქვთ ჩუქჩებს, თათრებს და რუსეთში მცხოვრებ სხვა ერებსაც. ამიტომ გენოციდის აღიარების კუთხით მოსკოვის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა, თავად რუსეთის ფედერაციაში გამოიწვიოს დომინოს ეფექტი, რაც კრემლის ინტერესში არ შედის.  თუმცა ვფიქრობ, ის საკუთარი სპეცსამსახურების გამოყენებით აუცილებლად შეეცდება ამ აზრის დამკვიდრებას კავკასიელ ხალხებში, რათა ქართველები წარმოაჩინოს მცირე ერების გამანადგურებლებად, თავად კი – დამცველად". 

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის შეფასებით კი, "ქართულ-ოსურ ურთიერთობებში იყო "შავი ლაქები", თუმცა ისინი  გენოციდად ვერ შეფასდება. 

“ოსები კარგა ხანია, ამ საკითხს აყენებენ. ე.წ. გენოციდის თემითაა გაჟღენთილი მთელი ადგილობრივი ისტორიოგრაფია. ამაზე წერენ როგორც ადგილობრივი ისტორიკოსები, ასევე ჩრდ. ოსეთის ისტორიკოსების ნაწილი. გასაგებია, რომ ცდილობენ, ამ ყველაფერს მისცენ პოლიტიკური დატვირთვა და საფუძვლად დაუდონ "დამოუკიდებელ სამხრეთ ოსეთს". ეს მეთოდი, ზოგადად, არახალია, თვითვიქტიმიზაციასა და შემდეგ ამაზე პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებასაც ბევრი ცდილობდა ნაწილობრივი წარმატებით. მართლაც, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში არის “შავი ლაქები”, შორს რომ არ წავიდეთ - 1990-იან წლებში: იყო რიგი დისკრიმინაციული გამოთქმები და ქმედებებიც კი. თუმცა გენოციდი სრულიად სხვა რანგის დანაშაულია - აქ უნდა იყოს განცხადებებიც, მასობრივი ჟლეტაც ეთნიკურ ნიადაგზე და ა.შ., ასეთი რამ კი ქართულ-ოსურ ურთიერთობებში  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არასოდეს განხორციელებულა. მეტიც, 2008 წელს სწორედ ოსურმა მხარემ გაასწორა მიწასთან მრავალი ქართული დასახლება. ამიტომ, რაც არ უნდა ამტკიცოს ოსურმა მხარემ, რაიმე სახის სერიოზული მტკიცებულებების წარმოდგენა გაუჭირდება. როგორ იმოქმედებს რუსეთი, რთული სათქმელია, თუმცა საკუთარი ქმედებებიდან გამომდინარე - იგივე ჩეჩნეთში, ზოგადად ჩრდილოთ კავკასიაში, ტრადიციულად, რუსეთი ერიდება გენოციდებისა და ეთნიკური წმენდების თემას. ეს საკითხი მისთვის პანდორას ყუთივითაა. არც პოლიტიკური კონიუნქტურაა შესაბამისი, თითქოსდა ქართულ-რუსული ურთიერთობები კვლავ ძველ კალაპოტს უბრუნდება, ამიტომ  არა მგონია, ოსური მხარის თხოვნა ამ ეტაპზე რუსებმა სერიოზულად განიხილონ",– განუცხადა "აქცენტს" კონფლიქტოლოგმა.

იხილეთ ასევე: როგორ იწრთობოდა სეპარატიზმი საქართველოში რუსების მიერ

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp