დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებას წყვეტენ, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2"-ის წილებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშთან ყოველგვარ მოლაპარაკებას წყვეტენ. თუმცა სამაუწყებლო კომპანიის დამფუძნებლები სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ. მათი თქმით, მოლაპარაკებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან აწარმოებენ.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე სამართლებრივი გზა, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები დავას გააგრძელებენ, მათ შორის ერთ-ერთი ევროსასამართლოა.

"არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ ბატონმა დავითმა და ბატონმა ჯარჯიმ გააგრძელონ თავიანთი ბრძოლა. არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ფაქტობრივად, 16 ივნისს დაიწყო ათვლის წერტილი, როდესაც 6 თვის ვადაში უნდა გასაჩივრდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მათი დარღვეული უფლებები. ასევე შესაძლებელია, რომ იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა დადებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებას უკვე ამ დანაშაულისთვის ვეღარ წარუდგენენ ვერავის, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გახდეს საფუძველი იმისთვის, რომ დაიწყოს ახალი დავა ამორალურ გარიგებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp