გვარამია – პროკურატურის განცხადებას ეხმიანება: "მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია, გაკეთებული მაქვს"

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი 2“ - ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და „რუსთავი 2“-ის წასულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება.საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს. მამაჩემი ებრძოდა საბჭოთა კავშირს და თავისი თვალით იხილა მისი მართალი და ისტორიული ბრძოლის ისტორიული შედეგი - საქართველოს გათავისუფლება კომუნიზმისგან და საბჭოთა ოკუპაციისგან და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მეც, 30 წლის მერე, პრაქტიკულად იგივე ბრძოლაში ვარ - ასევე მართალში და ისტორიულში და ასევე საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. ვპირდები ჩემ შვილებს - მეც ვნახავ ჩემი ისტორიული ბრძოლის ისტორიულ შედეგს, და ისინი იცხოვრებენ ბოლომდე დესოვიეტიზებულ თავისუფალ საქართველოში, სადაც თავისუფალი სიტყვის მსახურებისთვის არავინ დაიბარებს პროკურატურაში“, - წერს ნიკა გვარამია.

იხილეთ ასევე: პროკურატურა ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp