ცხინვალი საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლებისთვის დე ფაქტო საზღვრის კვეთის აკრძალვას გეგმავს?

ახალგორის ოკუპირებულ რაიონში ბოლო დღეების განმავლობაში  განხილვის ყველაზე აქტუალურ თემად რჩება არაოფიციალურად გავრცელებული ინფორმაცია გამშვებ პუნქტ „რაზდახანზე“ (ოსური სახელწოდება) პირველი სექტემბრიდან გადაადგილების ახალი შეზღუდვების მოსალოდნელი შემოღებისა და იმის შესახებ, რომ შემოდგომიდან რაიონის საბიუჯეტო სფეროში დასაქმებული მაცხოვრებლები დე ფაქტო საზღვრის კვეთის უფლებას დაკარგავენ.  

როგორც ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი განმარტავს, ამ არაოფიციალურმა ინფორმაციამ რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციიდან გამოჟონა:

„როდესაც ჩვენთან რაიონში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ანატოლი ბიბილოვი ჩამოვიდა და მას ჰკითხეს, შენარჩუნდებოდა თუ არა გადაადგილების თავისუფლება, მან განაცხადა, „ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს, სად სურს ცხოვრება და მუშაობაო“. ბოლო დღეებში ყველა, ვისაც რაიმე კონტაქტები მაინც აქვს რაიონის ხელმძღვანელობასთან, ახალი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. გუშინ ადგილობრივებმა რაიონის ხელმძღვანელ ვიტალი მამიტოვსაც მიმართეს, მან კი უპასუხათ, „მე ამას არ ვწყვეტო“, ანუ არც უარყო და არც დაადასტურა“.

მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის არაოფიციალური არგუმენტაცია ასეთია: „ხალხი ფულს სამხრეთ ოსეთში გამოიმუშავებს, ამ სახსრების უკუმულირება კი საქართველოში ხდებაო“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი არგუმენტაცია ჟღერდა მანამდეც, როცა დე ფაქტო საზღვრის კვეთას მწყემსებს უკრძალავდნენ: „წელიწადში 7 თვის განმავლობაში საქონელს სამხრეთ ოსეთის საძოვრებზე აძოვებენ და მხოლოდ 5 თვეს - დუშეთში, შემდეგ კი მას საქართველოში ჰყიდიან და ფულიც იქ რჩებაო“. მაშინ დე ფაქტო პრეზიდენტმა ბიბილოვმა ადგილობრივ მესაქონლეებს მიმართა, „დარჩით რესპუბლიკაში, საქონლის გამოზამთრებისთვის ყველა პირობას შეგიქმნით, მაგრამ ვინც საქართველოში გადავა, უკან აღარ შემოვუშვებთო“. ვინაიდან უვე ნოემბერი იყო, ფერმერებს კი საქონლის გამოსაზამთრებლად არც შესაბამისი საკვები გააჩნდათ, არც შენობები, არც ვეტერინარები, მათ ბიბილოვის წინადადება არარეალურად ჩათვალეს და სამუდამოდ დე ფაქტო საზღვრის ქართულ მხარეს გადავიდნენ.

მეორედ ამ თემაზე საუბარი საქართველოს ტერიტორიაზე გრიპისა და წითელას გავრცელებასთან დაკავშირებული ორთვიანი კარანტინის შემდეგ დაიწყო, როდესაც დე ფაქტო ხელისუფლებამ დე ფაქტო საზღვრის კვეთის წესები შეეცვალა: თუ მანამდე „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები“ დე ფაქტო საზღვარს ოსური პასპორტებით კვეთდნენ, ხოლო უპასპორტოები – სპეციალური საშვებით, იმ დროიდან საშვები პასპორტის მქონეებსაც მოეთხოვებოდათ. ეს მარტის ბოლოს ხდებოდა. მაშინ დე ფაქტო ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამ საშვებით ოკუპირებული რაიონის ყველა მცხოვრებს უზრუნველყოფდა, თუმცა ეს არ გაკეთებულა. მაგალითად, უარი უთხრეს საწარმოების ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, საშვები გასცეს ძირითადად რიგით თანამშრომლებსა და უმუშევრეზე. ახლა კი, როგორც ჩანს, აპირებენ კიდევ ერთი შეზღუდვის დაწესებას – საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლებს დე ფაქტო საზღვარზე აღარ გადაუშვებენ.

ადგილობრივების აზრით, ეს ახალგორის რაიონის დაცლას გამოიწვევს: მედიკოსების, პედაგოგების და სხვა სპეციალისტების ნახევარზე მეტი ხომ რაიონში დილაობით წეროვანიდან ჩადის. დე ფაქტო ხელისუფლებას ეს დიდი ხანია, აღიზიანებს და უკვე მრავალი წელია, იმუქრება, რომ მათ ცხინვალელი სპეციალისტებით ჩაანაცვლებს, თუმცა ცხინვალიდან ახალგორში სამუშაოდ ჩასვლისკენ დიდად არავინ ისწრაფვის, გარდა, შესაძლოა, ოკუპირებული რაიონის ხელმძღვანელი პირებისა, რომელთა მიზანი, როგორც წესი, საბიუჯეტო სახსრების მითვისებაა. ახლა, თუ ახალ შეზღუდვებს ნამდვილად შემოიღებენ, სპეციალისტები წეროვანიდან ახალგორში სიარულს შეწყვეტენ, ისევე, როგორც თავის დროზე – ფერმერები და მათ ვერავისით ჩაანაცვლებენ.

„ისინიც კი, ვინც აქ ცხოვრობს და მოქალაქეობა გააჩნია, დიდი ალბათობით, სამსახურზე უარს იტყვიან, რადგან ჩვენთან ყველა ოჯახი გაყოფილია: ოჯახის წევრთა ნაწილი აქ ცხოვრობს, ნაწილი – იქ.  მე, მაგალითად, რომ ვმუშაობდე და მსგავსი არჩევანის წინაშე დავეყენებინე, რომ თბილისში ვეღარ ვივლი ექიმთან, ჩემს ქალიშვილთან ან დასთან, რა თქმა უნდა, სამსახურის დატოვებას ავირჩევდი, მაგრამ თუ სამსახურს ტოვებ, აქ როგორ და რისთვის უნდა დარჩე საარსებო სახსრების გარეშე?! ე.ი., სამუდამოდ უნდა წახვიდე“, – აცხადებს მეარაყიშვილი.  

თამარი ამბობს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია არა მხოლოდ ქართული მოსახლეობისთვის, არამედ ოსებისთვისაც, რომელთა ოჯახები ასევე გაყოფილია და აქედან გამომდინარე, მათთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართულ მხარეს სიარული.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ილია მეორე: "მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკის ხელისუფლებას"