სალია: „ხალვაშმა გამოიჩინა კეთილი ნება, როცა დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა“

„რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოიჩინა კეთილი ნება, როცა არხის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეარხის წილის 40% შესთავაზა შესთავაზა.

„2015 წელს ხალვაშმა თქვა, რომ დაეთმო 50%, თუმცა ეს იყო ზეპირი განცხადებები. [...]რამდენიმე დღის წინ ხალვაშმა  მათ 40% შესთავაზა, ეს საკმაოდ დიდი წილია. ხალვაშმა გამოიჩინა კეთილი ნება, მას არ აქვს არანაირი ვალდებულება თუნდაც ერთი პროცენტი დაუთმოს ვინმეს. რატომ უფრო მეტს არ მაძლევ, ან მჩუქნი, მე მგონი არასწორია. ამ წილს მოჰყვება ფინანსური ვალდებულებებიც. მათ უარი განაცხადეს ხალვაშის შეთავაზებაზე, ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუ დაადგენს სასამართლო რომ მათ აქვთ რაიმეს უფლება, მაშინ კი ბატონო“, – განაცხადა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

„რუსთავი 2“–ის ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ როცა 50%–იანი წილის შესახებ ხალვაშმა ზეპირი განცხადება შეცვალა, რამდენად მოსალოდნელია, მან შეცვალოს ასევე ზეპირი განცხადება სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობასთან დაკავშირებით, სალიამ განაცხადა, რომ თუ ვინმეს უნდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, ის ამას ისედაც გააკეთებს. 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ ვერევით არხის სარედაქციო პოლიტიკაში. ამას აჩვენებს ყოველდღიურობა. ტელეკომპანია მუშაობს იმგვარად, როგორც აქამდე მუშაობდა. ჟურნალისტებს საქმიანობაში არავინ უშლის ხელს“, – განაცხადა სალიამ.

მისივე თქმით, ხალვაშისგან განსხვავებით, დვალი და აქიმიძე აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურთ.

ცოტა ხნის წინ ქიბარ ხალვაშმა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 40% შესთავაზა, რაზეც ამ უკანასკნელებმა უარი განაცხადეს. დვალი და აქიმიძე ამბობენ, რომ მათ 60% და, შესაბამისად, საკონტროლო პაკეტი წაართვეს თავის დროზე. 

იხილეთ ასევე: დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკებას წყვეტენ, თუმცა სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებენ

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა