"რუსთავი 2"–ის გენდირექტორი – არხის ფინანსურ მდგომარეობაზე: "ეჭვებს ბადებს"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის გენდირექტორ პაატა სალიას განცხადებით, არხის შემოსავლები ვერ ფარავდა ხარჯებს, რაც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ რაღაც ამ კომპანიაში ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ამის შესახებ სალიამ ტელეკომპანიის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"მე ამის შესახებ შევიტყვე სატელეფონო ზარიდან. ჩვენ სამუშაო შეხვედრა გვქონდა კომპანიის მენეჯმენტთან და ვფიქრობთ, ახალ სეზონზე. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გვქონდა. ამ დროს, შევიტყვე ამის თაობაზე. მერე გავეცანი პროკურატურის განცხადებას, რომელიც გამოქვეყნებული იყო ვებ–გვერდზე. მე რომ მოვედი კომპანიაში, ვთქვი ღიად, რომ მიზერული თანხა დამხვდა ანგარიშზე. კომპანიის მენეჯმენტი ისე მართავდა კომპანიას, რომ ფაქტობრივად, ეს კომპანია იყო შემოსავლების გარეშე, რაც ვერ დაფარავდა მიმდინარე ხარჯებს. ანუ კომპანიის შემოსავლები ვერ ფარავდა ხარჯებს, რაც თავითავად ბადებს ეჭვს, რომ რაღაც ამ კომპანიაში ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, რაც მე ვნახე ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს. როგორ არსებოდა საერთოდ კომპანია?!", - განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა არხის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვას გეგმავს.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას უპასუხა გვარამიამ: 

"როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი 2“ - ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და „რუსთავი 2“-ის წასულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება.საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს..."

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp