600,000 ევრო რუსი ტურისტებისთვის – მთავრობა განმარტებას აკეთებს

საქართველოს გადასახადის გადამხდელები 1,800,000 ევროს გადაიხდიან იმ პროგრამის დასაფინანსებლად, რაც მთავრობამ რუსული “ტურისტული ემბარგოს” საპასუხოდ შეიმუშავა. ამ თანხიდან 600,000 ევრო თბილისი-ერევანის რეისების დაფინანსებაზე დაიხარჯება, რაც რუსეთი-ერევანი-თბილისის სატრანზიტო რეისების ტურისტული მნიშვნელობის ზრდას ისახავს მიზნად. 

BMG პროექტის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს აკაკი საღირაშვილს ესაუბრა. მისი განცხადებით, სახელმწიფომ ერევანი შეარჩია, იმიტომ რომ ამ ქალაქის გავლით, მთავრობა რუსი ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას ხედავს. 

“ლოგისტიკურად ჩვენ რასაც შევხედეთ და სიხშირეებით, ყველაზე სასურველი მიმართულება იყო, ისევ კავკასიის რეგიონიდან მომხდარიყო დივერსიფიკაცია და ამ ტურისტების შემობრუნება. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ერევანი არის ხელსაყრელი, საკმაოდ პატარა დისტანციაა, ნახევარი საათის საფრენი მანძილია, ასევე რუსეთის ფედერაციას აქვს ძალიან კარგად აწყობილი ერევანთან საჰაერო მიმოსვლა, შეგიძლიათ დააკვირდეთ ყოველდღიურად რამდენი რეისი სრულდება ამ მიმართულებით. ამიტომ გაკეთდა აქცენტი ერევანზე. ჩვენ პირველ რიგში, ვუყურებთ ტრეფიკს და ამ მარშრუტის შესაძლებლობებს", - ამბობს მინისტრის მოადგილე. 

ფერენების დაფინანსებისთვის საჭირო თანხას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" გამოყოფს. 

"ხელშეკრულების ღირებულება თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისთვის უნდა განისაზღვროს არა უმეტეს 90 ევროს ოდენობით, დღგ-ის გარეშე, თითოეულ ჩამომფრენ მგზავრზე, სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, რაც ჯამური ღირებულების სახით (თითოეული არსებული სტრატეგიული მიმართულებისათვის) არ უნდა აღემატებოდეს 600,000 ევროს, დღგ-ის გარეშე", - ნათქვამია განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. 

ერევანის გარდა, სახელმწიფო ბრიუსელისა და ლონდონის რეისების დაფინანსებასაც გეგმავს. თითოეული ამ მიმართულებით დღეს ფაქტობრივად ავიარეისებს "ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებს. ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება ზოგადად ტურიზმის სექტორის მხარდაჭერისთვის მიიღეს და მის მიზანს, კონკრეტული ავიაკომპანიისთვის ბენეფიტის მიცემა არ წარმოადგენს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp