"დამაბრუნონ, გავისტუმრებ ხელფასებს და კიდევ შვიდი წელი ვაცოცხლებ

"რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია სასამართლოში გამოკითვაზე მივიდა. ის მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. 

"რასაც მკითხავენ, იმას ვუპასუხებ, თან რაც მახსოვს, იმას, რადგან ლაპარაკია 2015 წელზე, თან ფინანსურ საქმიანობაზე, რაც ყველა კომპანიაში ფიანსური ხელმძრვანელობის საქმეა. რაც ვიცი და მახსოვს, ავხსნი, მე პრობლემა არ მაქვს, ვიცი, რომ დანაშაული არ ჩამიდენია. რომ მჭირდებოდეს, იურისტი ვარ და შემიძლია, ჩადენის დროსაც კვალი არ დავტოვო, მით უფრო, უდანაშაულობის შემთხვევში არანაირ კვალს არ ვტოვებ",– განაცხადა გვარამიამ.

ის არ გამორიცხავს, რომ ბრალი წარუდგინოს.

„კუპრავას ჩემზე უფრო ნაკლები გინებისთვის 9 თვე შეუფარდეს. უპრეცედენტო რამეზე ვლაპარაკობთ. ევროპის მასშტაბით ქრესტომათიული გახდება...ქვეყანაში, სადაც გინებისთვის იჭერენ, არაფერს გამოვრიცხავ",– განაცხადა გვარამიამ. 

გვარამია „რუსთავი 2“-ის მოქმედი დირექტორის, პაატა სალიასა და მოდავე მხარის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„დირექტორი იურისტია და მან უნდა იცოდეს, რომ ეს არის სამოქალაქო წარმოების საქმე. ნიჟარაძეს იგივე თემაზე სამოქალაქო სარჩელი აქვს შეტანილი. გაუგებარია, სისხლის სამართლებრივი წესით, რაზე დაობს, რადგან ჯერ სამოქალაქო დავა დაამთავროს და იქ რაც დადგინდება, იმის მიხედვით იდაოს სისხლის სამართალში. ერთიც და მეორეც არც იურისტია და არც მფლობელი. ორივე ბიძინა ივანიშვილის ხელის ან ფეხის ფრჩხილები არიან. ხომ იცით, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ვინც არის? – შევარდნაძის, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საადვოკატო პროსტიტუციას ეწეოდა და დღესაც ეწევა. პროსტიტუციის მოხმარების ადგილი სხვაგან არის და მაგ ადვოკატს აუხსენით. მისი ქმარი რატომ ვაჭრობდა საშუამავლო კომპანიების მეშვეობით?! ნიჟარაძემ ეს კითხვა რომ დაუსვას, არ ვიცი, როგორ, თეფშით თუ გამოძახებით?! საშუამავლო კომპანიების გარეშე კომპანიები არ ვაჭრობენ, ეს კომერციული საქმიანობის ანბანია, თუ ეს სალიას ან ნიჟარაძეს არ ესმით, ჩემთვის გასაგებია, რადგან არც ერთმა არ იციან, რა არის ტელევიზია“, – დასძინა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას უპასუხა გვარამიამ: 

"როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი 2“ - ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და „რუსთავი 2“-ის წასულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება.საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს..."

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp