თამარ ჟვანია პარლამენტში დაიბარეს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ინტერპელაციის წესით საკანონმდებლო ორგანოში იბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ფრაქციამ ოფიციალურად მიმართა პარლამენტს და ინტერპელაციის წესით ვიბარებთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რათა მან პარლამენტის წინაშე გასცეს პასუხი, თუ რატომ არ ახდენს საარჩევნო კომისია რეაგირებას იმ დარღვევებზე, რომელსაც ჩვენ მრავალი წელია, ვხედავთ და მათ შორის იმ ძალადობაზე, რასაც დღეს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში სჩადიან, თუნდაც იგივე ზუგდიდში. უნდა გაგვცეს პასუხი, თუ რატომ გადაიქცა ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ დანამატად“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტში მისვლა და ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა თამარ ჟვანიას 30 მაისს მოუწევს.

ცნობისთვის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლები ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს დაუპირისპირდნენ . ისინი მესხის გადადგომას მოითხოვენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სხდომაზე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც მისი თქმით, ასახავს თუ როგორ ინახებოდა საუბნო კომისიების სამაგიდო სიები და ბეჭდები კომისიის წევრების და სკოლის დირექტორების სახლებში და „ვიღაცეების ბალიშის ქვეშ.“

დეკანოიძის განცხადებით, ეს ხდებოდა მაშინ, როცა მესხი ირწმუნებოდა, რომ სიები და ბეჭდები დაცული იყო. ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, დაუცველია საარჩევნო უბნებიც. მათ შესაბამისი კადრების ჩვენება სხდომაზე მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ, საკითხი კომისიამ დღის წესრიგში არ შეიტანა და სხდომა დახურა. 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის მოთხოვნით აქციები 14 მაისიდან, მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა, რომ უბნებზე სამაგიდო სიების და კომისიის და რეგისტრატორების ბეჭდები კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგზავნა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15 მაისს განმარტა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას კანონი არ დაურღვევია. ამასთან, ცსკოს განცხადებით, იმის გამო, რომ საკითხი გახდა სპეკულაციის საგანი და ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, სამაგიდო სიების და ბეჭდების საოლქო საარჩევნო კომისიაში დაბრუნების და მოგვიანებით, ბიულეტენებთან ერთად გადაცემის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp