უკვე გაძვირებული და გაძვირების რიგში არსებული პროდუქტები: "5 აგვისტოდან ფასები მოიმატებს"

სადისტრიბუციო კომპანიები 5 აგვისტოდან პროდუქტზე ფასების ზრდას აანონსებენ. როგორც სადისტრიბუციო კომპანია „დიპლომატ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი დიმიტრი შენგელია აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2.8000–ის ფარგლებში არ დასტაბილურდება, კომპანიებს პროდუქტზე ფასების მატება დაახლოებით, 10%–ით მოუწევთ. 

მისივე თქმით, ლარის გაუფასურების შედეგად ფასის გაძვირება შესაძლოა, პრაქტიკულად,  ყველა პროდუქტს შეეხოს. 

„კვების პროდუქციის უმრავლესობაზე ფასები გაძვირდება. ჩვენ ასევე გვაქვს საყოფაცხოვრებო ქიმია სარეცხი საშუალებები მასზეც ანალოგიურად მოხდება გაძვირება. შოკოლადის პროდუქცია იქნება, ნამცხვრები, იოგურტი თუ რძის ნაწარმი ლარის კურსი ყველაფერზე იმოქმედებს.

ვიცი, რომ ფასები უკვე გაძვირებულია სამშენებლო მასალებზეც, რადგან ისიც იმპორტირებულია: გაძვირებულია არმატურა, ბეტონი თუ სხვა სამშენებლო პროდუქტი.

ინფორმაცია მაქვს, რომ გაძვირება ძირითადად ორშაბათიდან მოხდება,“ - განაცხადა დიმიტრი შენგელიამ.

როგორც „დიპლომატ ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, სადისტრიბუციო კომპანიები, ვისაც გარკვეული სახის ვალდებულებები აქვთ აღებული, განსაკუთრებით ზარალდებიან.

„მაშინ, როდესაც სადისტრიბუციო კომპანიებს მომწოდებლებისგან ვალდებულება აქვთ აღებული, ზარალდებიან. ანუ კომპანიებს შესყიდვის ვალდებულება აქვთ და მათთვის გეგმების შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია. გამოდის, რომ ჩვენ მყარ ვალუტაში უნდა შევისყიდოთ, რომელიც ჩვენ ბაზარზე მოქმედებს. ეს არის: დოლარი, ევრო, რუსული რუბლი და თურქული ლირა, ხოლო ამ დროს რეალიზაციას ლარში გაზრდილ ფასებში ვახდენთ. მსყიდველუნარიანობა ეცემა და გაყიდვები მცირდება ჩვენი ნაშთები იზრდება, პროდუქციას ვადა გასდის და ჩვენ ვზარალდებით. ასევე ვზარალდებით იმიტომ, რომ გაყიდვები ტრადიციულ ქსელებში გვივარდება, სადაც ფასების გაძვირება მომენტალურად ხდება“ - აღნიშნა შენგელიამ bm.ge-სთან საუბრისას. 

ის გამოსავალს ეროვნულმა ბანკის მიერ ინტერვენციების გაგრძელებაში ხედავს. მოგეხსენებათ, ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 1 აგვისტოს უკვე გამოიტანა 40 მილიონი აშშ დოლარი. 

ამასთან, დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა ახალი მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა თამბაქოზე, ზრდამ 29.1 პროცენტი შეადგინა; ასევე, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 15%-ით, პურსა და პურპროდუქტებზე - 12.2%-ით. 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (15.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (15.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.5 პროცენტი), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.9 პროცენტი); 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.7 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7 პროცენტი); 

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.6 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5 პროცენტი); 

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.5 პროცენტით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7 პროცენტი).

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა 1 აგვისტოს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გაიტანა, ეროვნული ვალუტა 5 თითრით გამყარდა. პირველ აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9718 ლარი ღირდა, ევრო – 3.3127. 2 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9296 ლარი ღირს, ევრო – 3.2328. ეროვნული ბანკი ახალ მონაცემებს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp