"სისხლის სამართლებრივი კუთხით დავა აბსურდულია, სამოქალაქო სამართლებრივად კი შესაძლოა, ვიღაცამ იდავოს"

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით "რუსთავი 2"–ის ყოფილი გენდირექტორის ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა და გვარამიამ ჟურნალისტებთან გამოკითხვის პროცესზე მცირე კომენტარი გააკეთა.  

მისი თქმით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, ხოლო კითხვები შეეხებოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც როგორც გვარამია ამბობს, მის კომპეტენციას სცილდება და ღრმად ფინანსურია. 

"ერთი კონკრეტული კონტრაქტია და შეიძლება, მართლა რაღაც გაუგებრობა იყოს, მაგრამ ავხსენით რა როგორ იყო... რაც ვიცოდი და რაც მახსოვდა, განვმარტე. საქმე სრულიად აბსურდულია. აქ დავა რომ იყოს, სისხლის სამართლებრივი კუთხით დავა სრულიად აბსურდულია, სამოქალაქო სამართლებრივად კი შესაძლოა, ვიღაცამ იდავოს",– განაცხადა გვარამიამ.

ამ დროისთვის გამოკითხვა, რომელიც დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. გამოკითხის შემდეგ გვარამიამ მედიასთან კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით,  არხის უკვე ყოფილი დამფუძნებლები უჩივლებენ ქიბარ ხალვაშს უსაფუძვლო გამდიდრების მუხლით და მათ მიერ განხორციელებულ ინვესტირების უკან დაბრუნებას მოითხოვენ. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, ქიბარ ხალვაში როდესაც იყო ტელევიზიის მფლობელი, მაშინ არხის ქონება გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე - ახლა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მათ დროს დაგროვილი ვალები, აბსოლუტურად რესტრუქტურიზებადი და გასტუმრებადია.

„მობძანდეს ქიბარ ხალვაში, მისი ყადაღით დანგრეულ კომპანიას მიხედოს, „ჩაასხას“ ფული, გაისტუმროს ვალები და ხელფასები. ქიბარ ხალვაში რომ იყო სამოთახიან ნაქირავებ „ბუტკაში“, 10 კამერით და დღეს 50 მილიონის ქონება დაუბრუნა საქართველოს და სტრასბურგის სასამართლომ, ორივემ სამარცხვინო გადაწყვეტილებებით, ახლა მიაკითხავენ იმ ქონების „ჩამსხმელები“ და ეტყვიან - დაბრუნდი გენაცვალე შენ სამოთახიან ნაქირავებ ოფისში, დაგვიბრუნე ჩვენი ქონებაო“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის თქმით, არხის მიმართ პრეტენზიები მასაც აქვს.

„ასევე მეც მაქვს ჩემი პრეტენზიები „რუსთავი 2“-ის მიმართ, ოღონდ ის არ განიხილება საქართველოს სასამართლო სისტემაში, განიხილება ლონდონის არბიტრაჟში. მე მაქვს კონტრაქტი, რომლის დარღვევისთვის 5 მილიონი დოლარი მეკუთვნის და ეს კონტრაქტი დარღვეულია. იმიტომაც იხილავენ სისხლის სამართლის წესით ახლა ამას, რომ ჩემთან დავა სამოქალაქო წესით ამ სასამართლოში შეუძლებელია. ნებისმიერი სადავო საკითხი ჩემთან უნდა განიხილოს ლონდონის არბიტრაჟმა“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

გვარამიას ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იცავს. როგორც ირკვევა, მან სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" დატოვა, შესაბამისად, მისი განმარტებით, ინტერესთა კონფლიქტი არ იკვეთება. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ნიკა გვარამიას შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავის 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე. ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას უპასუხა გვარამიამ: 

"როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ „რუსთავი 2“ - ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და „რუსთავი 2“-ის წასულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება.საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?

მე, როგორც მედასავლეთე ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს..."

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp