ბახტაძე ირწმუნება, რომ საქართველოს ეკონომიკა მყარია, ლარი კი "ზედმეტად გაუფასურდა"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ირწმუნება, რომ საქართველოს ეკონომიკა არის მყარი, ხოლო ლარის კურსის პიკური გაუფასურება კი "ზედმეტ" გაუფასურებას წარმოადგენდა. 

"მინდა დავიწყო ეროვნული ვალუტის კურსით, რომელიც გაუფასურების შემდეგ უკვე ორი დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს და ეს პრინციპში მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი ამას მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზედმეტად იყო გაუფასურებული და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იყო ჯანსაღი. ეს დაადასტურა ორი დღის წინ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც ეკონომიკური ზრდის შესახებ. 

რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მყარი, მდგრადი და ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული. ამას სამწუხაროდ, ხელის შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და შესაბამისად, ამ ფონით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. 

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით არის საკმაოდ პოზიტიური და გვიჩვენებს საკმაოდ მყარ დინამიკას. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს შემოსავლების კლება ტურიზმის სექტორში, ყველასთვის ცნობილი მოვლენების გამო. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ზრდის ტემპი, ტურიზმის სექტორში. მაგალითისთვის, მინდა გითხრათ, რომ აჭარაში თითქმის 40%-იანი ზრდა გქვონდა ჩვენ ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და საზოგადოებას თავადაც შეუძლია, გააკეთოს დასკვნები თუ რა მასშტაბის შემოსავალს ელოდა ქართული ეკონომიკა ტურიზმის სექტორიდან,"- განაცხადა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ. 

ამავე თემაზე: უკვე გაძვირებული და გაძვირების რიგში არსებული პროდუქტები: "5 აგვისტოდან ფასები მოიმატებს"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp