"რუსეთში ფრენები ფინანსდება იმისთვის, რომ შვილიშვილმა ნახოს ბაბუა, ნათესავმა – ნათესავი"

ბევრი ადამიანი გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ - ასე განმარტავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუსეთიდან ფრენებისთვის 600 ათას ევროს გამოყოფის გადაწყვეტილებას. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებამ გადაწყვეტილება საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარების მიზნით მიიღო, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და ზაფხულის გატარება საქართველოში ჰქონდათ დაგეგმილი. 

"საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინციატივის. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს საკმაოდ დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები იყო ტურისტული კომპონენტი რატომაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს იყო მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ჩვენს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. იცით, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ჩვენ ვართ ზაფხულის პერიოდში , ბევრი ადამიანი გეგმავს, რომ ზაფხული გაატაროს საქართველოში, შვილიშვილი ჩამოვიდეს და ნახოს ბაბუა, ბიძაშვილმა ნახოს მამიდაშვილი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენს მოქალაქეებს მსგავსი პრობლემები ექმნებათ, ჩვენ მხარში ამოვუდგეთ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებლად ექმნებათ,“-აცხადებს პრემიერი.

ცნობისთვის: საქართველოს გადასახადის გადამხდელები 1,800,000 ევროს გადაიხდიან იმ პროგრამის დასაფინანსებლად, რაც მთავრობამ რუსული “ტურისტული ემბარგოს” საპასუხოდ შეიმუშავა. ამ თანხიდან 600,000 ევროთბილისი-ერევანის რეისების დაფინანსებაზე დაიხარჯება, რაც რუსეთი-ერევანი-თბილისის სატრანზიტო რეისების ტურისტული მნიშვნელობის ზრდას ისახავს მიზნად. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp