შემსუბუქდება თუ არა საბანკო რეგულაციები – პრემიერის კომენტარი

„საბანკო რეგულაციებს მე ნამდვილად ვერც დავაწესებ და ვერც გავაუქმებ,“ - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კითხვას საბანკო რეგულაციების შემსუბუქების თაობაზე. 

ბახტაძის თქმით,  საბანკო რეგულაციები საერთო ეკონომიკური პოლიტიკის ფაქტორია და ეროვნულ ბანკს მასში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. რეგულაციების კონტექსტში მან სამშენებლო სექტორიც მიმოიხილა.

„მშენებლობის სექტორში ჩვენ შემცირება არ გვქონია იანვრიდან, ეს გაცილებით ადრე დაიწყო. შესაბამისად, სამშენებლო სექტორში რა შემცირებაც მოხდა, იქ სხვა ფაქტორებიც იყო და ქრონოლოგია რომ ნახოთ სამშენებლო სექტორი როგორ ვითარდებოდა,  ნახავთ, რომ ეს სურათი სწორედ ასე იყო.

საქსტატის ბოლო მონაცემებში ის გაუმჯობესება ჩანს, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს. ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ გადავდგით კარგი და პოზიტიურია. ბოლო მონაცემებით მან შედეგი მოგვცა. როდესაც სამშენებლო სექტორზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე, ჩემთვის ყველაზე მთავარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხები იპოთეკაზე იყოს ხელმისაწვდომი, რაც გულისხმობს იმას, რომ სესხის პირობები მაქსიმალურად კომფორტული იყოს.  

სესხები ლარში იპოთეკაზე უახლოეს პერიოდში ორნიშნა ციფრი იყო და შემდგომ ლარში 7%-იანი სესხები გამოჩნდა. პირადად მე მოსაზრება მაქვს, რომ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად, შესაძლებელია ეს პროცენტი კიდევ ჩამოვწიოთ და იყოს თუნდაც 6%.

რაც შეეხება საცალო ვაჭრობის დინამიკას, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ.“ - განაცხადა ბახტაძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp