აფხაზური გვარი – როგორც დაცულობისა და მეტი უფლებების გარანტია?

სოხუმი ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს აფხაზური გვარების აღების შემთხვევაში ე.წ. მოქალაქეობასა და ახალ პასპორტს ჰპირდება. დე ფაქტო ხელისუფლება ამას “ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად მეგრელებისთვის ძირძველი აფხაზური გვარების დაბრუნების პროცესს” უწოდებს.

გალში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციის - “მურზაყანელი აფხაზების საბჭოს” ინფორმაციით, “აფხაზური გვარების დაბრუნების შესაძლებლობა” გალის რაიონის უკვე 400-ზე მეტ მკვიდრს მიეცა.

გამოცემა «Абхазия-Информ» საზოგადოებრივი ორგანიზაციის საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ ზუხბაზე დაყრდნობით იუწყება ასევე, რომ დაარსებიდან ხუთი წლის განავლობაში ორგანიზაციას “აფხაზური გვარების დაბრუნების” თხოვნით 900-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა და რომ “საბჭო დაინტერესებულია გალის რაიონის მაცხოვრებლების აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ინტეგრაციითა და აფხაზური გვარების აღდგენით».

აფხაზური წარმომავლობის გვარებს შორის სახელდება ანჩაბაძე, აძინბაია, აქიშბაია, ბუთბაია, ინალიშვილი, ქეცბაია, კაკუბავა, ეზუგბაია, ყოლბაია და კიდევ ათზე მეტი.

თავად გალელები ამბობენ, რომ აფხაზური გვარის აღება, რაც ახალი – აფხაზური პასპორტის მიღებასა და გრაფაში “ეროვნება” “აფხაზის” ჩაწერას ნიშნავს, მათ მდგომარეობას საგრძნობლად აუმჯობესებს, კერძოდ, დაცულობას ჰმატებს და რიგ უფლებებს სძენთ, რომელიც აქამდე არ გააჩნდათ. მიუხედავად ამისა, ამას ხელს ყველა როდი აწერს.

იხილეთ ასევე:   გალის მცხოვრებთ ეროვნების გრაფაში “მეგრელს” უწერენ

აფხაზეთის ა/რ უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია  ამბობს, რომ აფხაზებს არაერთხელ წამოუწევიათ ეს საკითხი და ის არახალია. სოხუმის მკვიდრის თქმით, გვარების წარმომავლობის საკითხი ომამდეც აქტუალური იყო.

«ყოველთვის მიდიოდა დავები გვარებზე ზუხბაია, ბუთბაია, ქეცბაია… სხვათა შორის, ყოლბაიას მაშინ იშვიათად თუ ახსენებდნენ. აფხაზები თვლიდნენ, რომ ეს აფხაზური გვარი იყო, ქართველებს კი სრულიად საფუძვლიანად მიაჩნდათ, რომ ეს არის ქართული გვარი. ამ საკითხების ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ “ბაია” ქართულად ჩვილს ნიშნავს და სიტყვა, რომელიც მას შეიცავს, აფხაზური გვარი ვერ იქნება», - განუცხადა “ლაივპრესს” ვახტანგ ყოლბაიამ.

მისივე თქმით, მრავალი წლის განმავლობაში იყო  შემთხვევები, როცა აფხაზეთში მცხოვრები ქართველები გვარებს იცვლიდნენ, რადგან აფხაზებს გარკვეული პრივილეგიები ჰქონდათ. მაგალითად, ისინი ჯარში არ მიჰყავდათ და ადვილად ირიცხებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში.

მსგავს ისტორიულ ფაქტებს იხსენებს გაგრის მაცხოვრებელი ოთარ აძიმბაიაც, რომელიც ამჟამად ფოთის სკოლის დირექტორია და პარალელურად ქართული ენის მასწავლებელი. იცის, რომ მისი გვარი აფხაზური წარმომავლობისაა, თუმცა მის შეცვლაზე არასოდეს უფიქრია. აფხაზური ენის მცოდნე, იგი აქტიურად ურთიერთობს მეგობრებთან და ნათესავებთან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ. თვლის, რომ გვარის წარმომავლობა უმნიშვნელოა და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველანი საქართველოს მაცხოვრებლები ვართ.

«მე აძიმბაია ვარ. ჩემი ფესვები, რა თქმა უნდა,  აფხაზური წარმომავლობისაა. გალის რაიონში 15 ათასამდე ასეთი ადამიანი ცხოვრობს - თვათბაია, ხინთბაია, ეზუგბაია, ზვანბაია, თარბაია, მიქელბაია, ყოლბაია და ბევრი სხვა. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც ადამიანი გვარის დაბოლოებას აუქმებს და აფხაზად ეწერება. აფხაზებს  სურთ, ამან მასობრივი ხასიათი მიიღოს, მაგრამ ეს ასე არ არის. იმ პერიოდში, როცა რთული იყო უმაღლესში ჩაბარება, მეგრელები ხშირად ეწერებოდნენ აფხაზებად და ირიცხებოდნენ ფაკულტეტებზე, სადაც სწავლება რუსულ ენაზე ხორციელდებოდა. აფხაზები ასეთი ადამიანების მიმართ პატივისცემას იჩენდნენ, რადგან ეს მცირერიცხოვანი ხალხია და მათთვის მნიშვნელოვანი იყო რიცხოვნობის გაზრდა.  იგივე ხდება ეხლაც», - ამბობს ოთარ აძიმბაია.

მისივე თქმით, აფხაზებმა ეს პრობლემა გააცნობიერეს, ისინი ხედავენ, რომ უმცირესობაში აღმოჩნდნენ და რეგიონში თავს იმკვიდრებენ უცხოელები, მათ შორის რუსები. აძიმბაიას განმარტებით, ამ ვითარებაში აფხაზებს ურჩევნიათ, მონათესავე მეგრელებმა აფხაზური გვარები აიღონ და ამ გზით სურთ, გაზარდონ აფხაზების რიცხოვნობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი სამწუხარო ტედენციაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"როდესაც ორი ეთნოსი საუკუნეების განმავლობაში ერთ სივრცეში ცხოვრობს, გასაკვირი არაფერია, რომ ხდება იდენტობების გადაკვეთა, შერწყმა და ა.შ. ქართულ-აფხაზურ კონტექსტშიც ასე ხდებოდა: არის აფხაზური წარმოშობის გვარები, თუმცა დღეს ეს ადამაინები უკვე ქართველებად აღიქვამენ თავს და პირიქით – აფხაზეთში დღეს უამრავი აფხაზი ცხოვრობს, ქართული წარმოშობის გვარებით. ამაში არაფერი გასაკვირი. სამწუხარო აქ ისაა, რომ აფხაზეთის "ხელისუფლება" ცდილობს, გალელებს ძალადობრივად შეუცვალოს იდენტობა. ზუსტად ამაზეა მიმართული ქართულად სწავლის ეტაპობრივად შეზღუდვა, გადაადგილებაზე, ანუ დანარჩენ საქართველოში გადმოსვლის გართულება, ისტორიიის იმგვარად სწავლება, თითქოს გალელები ადრე აფხაზები იყვნენ და ა.შ. პასპორტებში აფხაზის ჩაწერაც, ამ მიდომაში ეწერება. მაგრამ იგივე, უახლესი ისტორია და იგივე აფხაზების ისტორია გვიჩვენებს, რომ ნებისიერი ამგვარი ძალადობრივი მიდგომა, სრულიად საპირისპირო შედეგებს იწვევს. ამასთანავე, აფხაზეთში არიან ადამიანები, მათ შორის დღევანდელი ადგილობრივი ომბუდსმენი, რომელიც ცდილობს გალელების უფლებებსი დაცვას და ამგვარ პრაქტიკებს ეწინააღმდეგებიან. იმედია, შიგნით, აფხაზეთშივე, უფრო ხშირად და უფრო ხმამაღლა იტყვიან თავის სათქმელს ამგვარი ადამიანები",– განუცხადა "აქცენტს" კანაშვილმა.



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)