საქართველოს საფრანგეთსა და ისრაელში ახალი ელჩები ჰყავს

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ლაშა ჟვანიას აქვს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება.


"1995 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, შორის 2005-2008 წლებში ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ადრეულ წლებში დიპლომატიურ სამსახურში იგი საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნად, ასევე გახლდათ აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი და დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად, ასევე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში პირველი მდივანი შემდეგ კი კონსული.

ლაშა ჟვანიას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. 2008-2009 წლებში გახლდათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, 2002-2003 წლებში გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2002-2003 წლებში ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2008 წელს გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. 2009-2018 წლებში იყო საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია Global Uni Group, დამფუძნებელი. 2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი. 2004 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს ახალი ელი ჰყავს საფრანგეტშიც. კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკო-ში მუდმივ წარმომადგენლად თეა კატუკია დაინიშნა.


საგარეო უწყების ინფორმაციით, თეა კატუკია 2012 წლიდან დღემდე ერთ-ერთი უმთავრესი ფრანგული კვლევითი ცენტრის – საერთაშორისო საფრთხეების პრევენციისა და ანალიზის ფრანგული კვლევითი გენერალური მდივანი იყო, 2012 წლიდან დღემდე საერთაშორისო ურთიერთობების საკითხზე ფრანგული ჟურნალის „დიპლომატიას“ მთავარი რედაქტორი და პარალელურად ხელმძღვანელობდა ორ საერთაშორისო გამოცემას „Green Innovation“ და „Blue Innovation“.

ანალიტიკურ გამოცემებში მისი საქმიანობა ასევე მოიცავს 2011-2012 წლების პერიოდს, როდესაც ის იყო გენერალური მდივანი მედია ჯგუფის „Areion Group“, რომელიც ჟურნალ „დიპლომატიასთან“ ერთად გამოსცემს ცნობილ საერთაშორისო ანალიტიკურ გამოცემებს DSI, CARTO, MOYEN-ORIENT და სხვა.

2002 წელს თეა კატუკია შეუერთდა საფრანგეთის პანევროპულ კავშირს და ჩართული იყო ევროკომისიის ეგიდით ჩატარებულ საინფორმაციო კამპანიაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის კავშირის გაფართოებას კანდიდატ ქვეყნებში. 2004-2011 წლებში იგი დაასახელეს საფრანგეთის პანევროპული კავშირის გენერალურ დელეგატად და ახორციელებდა სტრატეგიისა და განვითარების დაგეგმარებას ევროპარლამენტის საპარლამენტო პანევროპულ სამუშაო ჯგუფთან და საერთაშორისო პანევროპულ კავშირთან, აგრეთვე კოორდინირებას უწევდა დიდი საერთაშორისო ევროპული კონფერენციების ორგანიზებას.

2001-2002 წლებში თეა კატუკია იკავებდა ჟან მონეს სახელობის ასოციაციის მისიის ხელმძღვანელის პოზიციას და ორგანიზებას და მონიტორინგს უწევდა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებულ მაღალი დონის ფრანგულ-გერმანულ შეხვედრებს. 2000-2001 წლებში მუშაობდა საფრანგეთის მთავრობისა და ევროკომისიის მიერ დაფუძნებულ საინფორმაციო ცენტრში „ევროპული წყაროები“ (Sources d’Europe) და საქმიანობდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის გავრცელების კუთხით.

2001 წელს წარჩინებით დაასრულა სორბონის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა, შემდგომ მან მუშაობა განაგრძო სორბონის უნივერსიტეტის ევროპული საჯარო სამართლის სადოქტორო ნაშრომზე ევროპული კონსტიტუციის შექმნის თემატიკაზე. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პროფესიული საქმიანობა დაიწყო ევროპულ საკითხებში სპეციალიზებულ მთავარ ფრანგულ კვლევით ცენტრებში.

1996 წლიდან დაიწყო სამართლის შესწავლა უნივერსიტეტ პარიზი-II-ში, მანამდე კი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში ორწლიანი სწავლის შემდეგ, 1995 წელს სწავლა განაგრძო პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ერდოღანს თეთრ სახლთან პროტესტით დახვდნენ