თბილისის მიმართ მოსკოვის საჰაერო ემბარგომ აფხაზურ ტურიზმს ვერ უშველა

პოზიტიური მოლოდინი, რომელიც ივნისში თბილისში განვითარებული მოვლენების, კერძოდ ე.წ. “გავრილოვის ღამისა” და შემდგომში მოსკოვის მიერ საქართველოსკენ ფრენების აკრძალვის შემდეგ სოხუმში გაჩნდა, არ გამართლდა: საქართველოში მომავალი რუსი ტურისტების ნაკადის ძირითადი ნაწილი რუსეთისვე ტუროპერატორებმა არა ოკუპირებული აფხაზეთის, არამედ თურქეთის, კვიპროსისა და რიგი სხვა ქვეყნებისკენ გადაამისამართეს.

ამის შესახებ აღინიშნა სოხუმში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მიმდინარე ტურისტულ სეზონს ეძღვნებოდა.

ერთ-ერთმა აფხაზმა ჟურნალისტმა გაიხსენა აფხაზური ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლების პროგნოზი, რომ მოსკოვის მიერ რუსი ტურისტების საქართველოში ვიზიტების შეზღუდვა ამ ნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილის აფხაზეთისკენ გადამისამართებასა და ოკუპირებული რეგიონის რუსი ვიზიტორების რაოდენობის ლამის გაორმაგებას გამოიწვევდა.

«ამ პროგნოზის გამართლების დამადასტურებელი მონაცემები ნამდვილად არ გვაქვს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს რუს პარტიორებთან  – ტუროპერატორებთან და რამდენადაც ვიცით, მათ [ამ ნაკადის] გადაორიენტირება მოახდინეს ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა თურქეთი, კვიპროსი და სხვები, ჩვენს რესპუბლიკაზე კი ამ კუთხით აქცენტი არ გაუკეთებიათ” - განაცხადა საპასუხოდ დე ფაქტო კურორტებისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ ასტამურ ბარციცმა. 

ერთადერთი, ვინც მზადაა, თავისი ტურისტები თბილისიდან სოხუმზე  გადაამისამართოს, ან, ყოველ  შემთხვევაში, ამ მხრივ აფხაზეთის დე  ფაქტო ხელისუფლების თხოვნა განიხილოს, არაღიარებული მთიანი ყარაბაღია.

“ამასწინათ მთიანი ყარაბაღის დელეგაცია გვსტუმრობდა. როგორც აღინიშნა, ბევრი მათი ტურისტი საზღვაო კურორტებზე საქართველოში ჩადის. ახლა მათ სურთ, ეს ნაკადი ჩვენკენ გადმოამისამართონ. ამჟამად ვმართავთ მოლაპარაკებებს სატრანსპორტო ლოჯისტიკისა და სხვა დეტალებზე. ველით მთიანი ყარაბაღიდან ტურისტული ნაკადის მატებას” - აღნიშნა ამასთან დაკავშირებით ბარციცმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp