"რუსთავი 2"–ის გენდირექტორი: "შევიტყვე, რომ თანამშრომელთა ნაწილი სხვა არხზე გადადის"

„რუსთავი 2“-ის გენდირექტორის პაატა სალიას განცხადებით, მან გუშინ შეიტყო, რომ ტელეკომპანიის თანამშრომელთა ნაწილი სხვა არხზე გადადს და ამ გადაწყვეტილებას ის მართებულად არ მიიჩნევს. 

ამასთან, როგორც სალია ამბობს, მას ოფიციალური გადაწყვეტილება ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით არ მიუღია.

„ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებდით არავის გათავისუფლებას. მათი არჩევანია და მე ვერავის იძულებით ვერ დავაკავებ ამ არხზე. ყველა იღებს თავის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე მე ოფიციალური განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე, გარდა ერთი იურისტისა, არ მიმიღია.

საუბარი არის „ფორმულა კრეატივზე“, რომელიც იღებს „ჩემი ცოლის დაქალებს“ და სხვა გადაცემებს. მე მათთან მქონდა საუბარი, ორჯერ მქონდა შეხვედრა. ვესაუბრე და ვთხოვე, რომ პრაგმატულად გადაგვეწყვიტა ურთიერთობა. მესმის, რომ მათ სურთ გადავიდნენ სხვა არხზე, ან შექმნან თავიანთი არხი, როგორც მითხრეს. მე ვუთხარი, რომ ორივე მხარისათვის, ჩვენთვის – „რუსთავი 2“-სთვის და მათთვისაც, კარგი იქნებოდა, თუ წლის ბოლომდე გავაგრძელებდით ურთიერთობას და შემდგომ ცივილურად შევწყვეტდით ამ ხელშეკრულებას. არხს მათი დავალიანებაც აქვს და ამ დავალიანებასაც გავისტუმრებდით შესაბამისი პერიოდისთვის. მე მივიღე მათგან პასუხი, რომ საბოლოო პასუხს თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებენ დღეს, პარასკევს. გუშინ შევიტყვე უკვე საჯარო განცხადებებიდან, რომ გადადიან სხვა არხზე, რასაც ვთვლი, რომ არ არის სწორი მოქმედება და ჩვენი შეთანხმებიდან არ გამომდინარეობს. მე დღეს ველოდებოდი მათგან პასუხს, თუმცა გუშინ ვცადე ერთ-ერთ მათგანთან დაკავშირება და ტელეფონსაც არ უპასუხა. მათი არჩევანია. ეს არხი გააგრძელებს მუშაობას. ამ არხზე ნახავთ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს, რითაც ჩანაცვლდება თუნდაც ეს სერიალები“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ამასთან, მან კომენტარი არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, თუმცა ეს კრიტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, არხი იყოს კრიტიკული, უბრალოდ ჩემი სურვილია, ეს კრიტიკა იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვები. საუბარი მაქვს პროფესიონალურ კრიტიკაზე. მე ვთვლი, რომ ჩვენი არხი უნდა იყოს გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით.  ვგულისხმობ იმას, რომ მაქსიმალური კრიტიკა, მაგრამ მაქსიმალური ობიექტურობის და მაქსიმალური სიმართლის ფარგლებში, ანუ ეს კრიტიკა არ უნდა დაემსგავსოს რაღაც ტყუილების გავრცელებას, „ფეიკ ნიუსი“ არ უნდა იყოს „რუსთავი 2“- ზე.

მე ვთვლი, რომ „რუსთავი 2“ უნდა იყოს მაქსიმალურად კრიტიკული და ეს კრიტიკა მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს, რაც კრიტიკის ობიექტს არ მისცემს შესაძლებლობას, რომ ბრალდებები ჰქონდეს ჩვენი ტელევიზიის მიმართ“, – განაცხადა პაატა სალიამ.

სალია ირწმუნება, რომ, არხის ახალი ხელმძვანელობის ამოცანაა, „რუსთავი 2“-მა გააგრძელოს მუშაობა, იყოს ყველაზე წარმატებული და არხის მენეჯმენტი მუშაობს დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე:

„რამდენიმე დღის წინ, ქიბარ ხალვაშმა განახორციელა რამდენიმე ასეული ლარის შემოტანა. ვმუშაობთ კიდევ დამატებითი სახსრების მოზიდვაზე. ვმუშაობთ იმისთვის, რომ შეფერხება არ იყოს. ძალიან რთულია ახლა პროგნოზირება გააკეთო, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, მაგრამ გეგმა და ამოცანა არის, რომ არხმა გააგრძელოს მუშაობა და იყოს ყველაზე წარმატებული“.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა ნიკა გვარამიასთვის კომპენსაციის მიცემა, პაატა სალია აცხადებს, რომ მას „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის კონტრაქტი არ უნახავს, შესაბამისად განცხადებას ვერ გააკეთებს.

„არ ვიცი, ეს კონტრაქტი არ მინახავს. არ ვიცი რაზე საუბრობს გვარამია, მიმართოს ლონდონის არბიტრაჟს და თუ მოგვიწვევენ მხარედ, აუცილებლად გავცემთ პასუხს. ძალიან ბევრი ხელშეკრულება არის დადებული ამ კომპანიაში ისეთი, რომელიც კომპანიის ინტერესების საზიანოა. მე არ მინდა წინასწარ რაიმე დასკვნების გაკეთება, არ მიყვარს დაუსაბუთებელი საუბარი“, – განაცხადა პაატა სალიამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს