პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელა. 

როგორც „აქცენტს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ესენი არიან: გიორგი მიროტაძე და გიორგი ხიშტოვანი.

კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს დასამტკიცებლად/ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ ავალდებულებდა, სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, წინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცესი ღიად წარმართა, „რითაც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ტრადიცია შექმნა“.

„ინსტიტუციურ დემოკრატიაში მნიშვნელოვანია ინსტიტუტების მიერ მმართველობითი ტრადიციების დამკვიდრება და გაგრძელება. წინა პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრობის კანდიდატთა შერჩევის პროცესი გახადა გამჭვირვალე და ინკლუზიური. მან საზოგადოების წარმომადგენლები მიიწვია და მათ მიანდო კანდიდატურების შერჩევა. საზოგადოების წარმომადგენელთა მიერ ნომინირებული კანდიდატებიდან ამოარჩია და ისინი წარუდგინა პარლამენტს. მარგველაშვილს კანონი ამას არ ავალდებულებდა, შეეძლო ერთპიროვნულად და დახურულ რეჟიმში შეერჩია და წარედგინა კანდიდატები. წინა პრეზიდენტმა შექმნა ეს მნიშვნელოვანი დემოკრატიული ტრადიცია, რომელზეც როგორც ჩანს, უარს ამბობს ზურაბიშვილი. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა შერჩევა-ნომინირება აპოლიტიკური პროცესია, თავისუფალი უნდა იყოს მმართველი პარტიის გავლენისაგან. პოლიტიკის მიღმა მყოფმა სახელმწიფოს მეთაურმა საჯარო ინტერესით უნდა წარმართოს პროცესი, სხვა შემთხვევაში გამოდის რომ პრეზიდენტი დაექვემდებარება მმართველი პოლიტიკური ძალის ნებას, რაც ნიშნავს რომ იგი ვეღარ იქნება ქვეყნის გამაერთიანებელი, პოლიტიკის მიღმა მყოფი და საზოგადოების ყველა ჯგუფის პრეზიდენტი“, – განუცხადა „აქცენტს“ ალაფიშვილმა.

ცნობისთვის: დღეს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს – ვაჟა ჯანყარაშვილსა და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი