ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უყურეშისა და ქვედა ცაგერის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ უგრეხელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ყველა იმ პროექტზე, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტრო  ახორციელებს და მოსახლეობას   მიღწეული შედეგები გააცნო. სოლომონ პავლიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინაიდან აღნიშნული რეგიონი მცირემიწიანია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაწევრიანებით, ფერმერები  არსებული რესურსის უფრო ეფექტიანად გამოყენებას შეძლებენ. მინისტრის მოადგილემ ადგილობრივებს შეშით მომარაგების ახალი სქემის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.  

„ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას გავაგრძელებთ მოსახლეობასთან, რათა დეტალურად გავაცნოთ  ყველა ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.  ამ ტიპის შეხვედრებით განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს უშუალოდ ადგილობრივებთან ერთად. ცაგერის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დაგეგმილია 25 მილიონი ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოები; ჯამში, 132 სხვადასხვა სახის პროექტი ხორციელდება, რაც, უდავოდ, შთამბეჭდავი რიცხვია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, უსახელოურისა და ორბელური ოჯალეშის დარეგისტრირება. აღნიშნულ რეგიონს აგროტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს. ამ პოტენციალის გამოყენება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას მეტად გააუმჯობესებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

მხარის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი და რაჭისა და საჩხერის დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.  

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხვამლის მთასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტი, რაც  რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და  ხელს შეუწყობს მის განვითარებას. მხარის გუბერნატორმა მოსახლეობასთან მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

ოყურეშსა და ქვედა ცაგერში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საკითხად დაურეგისტრირებელი მიწებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს