ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნციპალიტეტებში ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრები გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრების პირველი ნაწილი დაეთმო გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირების საკითხებს, მათ შორის, სამართლებლივი მარეგულირებელი ნორმების, რეგულირების პროცედურების, გარეულ ცხოველთა თავდასხმების გამომწვევი მიზეზებისა და პრევენციის ღონისძიებების გაცნობას.

„მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა ქვეწარმავლებზე, ეკოსისტემაში მათ როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრის მსვლელობისას მონაწილეებმა ექსპერტების დახმარებით ისწავლეს შხამიანი და არაშხამიანი გველების და მათი ნაკბენების ერთმანეთისგან გარჩევა მორფოლოგიური დაკვირვების მეთოდით და მიიღეს რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გველების დანახვისას და კბენის შემთხვევაში.

შეხვედრებისას გამართული დისკუსიის დროს გამოიკვეთა გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული მუნიციპალიტეტისთვის დამახასითებელი პრობლემური საკითხები, რაზეც მონაწილეებმა დარგის სპეციალისტისგან მიიღეს კონკრეტული რეკომენდაციები.

შეხვედრების მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ხასიათის ტრიპლეტები “გაიგე მეტი” და “გარეული ცხოველები და ადამიანი”.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ბიომრავალფეროვნების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გააგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში მთელი საქართველოს მასშტაბით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp