კონკურენციის სააგენტო ბიზნეს–სუბიექტების წინააღმდეგ მოკვლევის დაწყებას გეგმავს

კონკურენციის სააგენტო კომპანიებისა და ასოციაციების განცხადებებით დაინტერესდა. კერძოდ, სააგენტო განმარტებებს ითხოვს ყველა იმ სადისტრიბუციო ხელმძღვანელისგან, რომელმაც ლარის დრამატული გაუფასურების შედეგებზე და პროდუქტებზე ფასების მოსალოდნელ მატებაზე ისაუბრეს.

სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს სუბიექტები, ასოციაციები დაადასტურებენ, რომ ფასების ზრდასთან დაკავშირებით მათ შეთანხმება ჰქონდათ, კონკურენციის სააგენტო კომპანიების წინააღმდეგ მოკვლევას დაიწყებს. 

„ჩვენ ამაში დავინახეთ საფრთხე, რომ ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან კონკურენციის კანონი კრძალავს შეთანხმებულ ქმედებებს, მათ შორის უპირველეს ყოვლისა ფასებთან მიმართებაში. ანუ, ბიზნეს სუბიექტების კონკრეტული გეგმები არ ყოფილა კონკურენციის სააგენტოს შესწავლის საგანი, ჩვენ ვსწავლობთ და მოვითხოვეთ ინფორმაციას, ხომ არ არის შეთანხმებული ქმედებები ბაზარზე. მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა მიმართულებით წავა კონკურენციის სააგენტო ამ სფეროსთან დაკავშირებით. თუ ასოციაციებმა ან ბიზნეს სუბიექტებმა დაადასტურეს, რომ მათ ჰქონდათ შეთანხმება და თქვეს რომ მოდით ახლა ჩვენ ერთად გავზარდოთ ფასები, ამ შემთხვევაში ჩვენ დავიწყებთ მოკვლევას იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც ამ შეთანხმებაში მონაწილეობდნენ,“-აცხადებს ნოდარ ხადური.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ბიზნესისთვის მორალის კითხვას დაუშვებლად მიიჩნევს.

„ბიზნესი თვითონ წყვეტს, რა თქმა უნდა. ბიზნესისთვის მორალის კითხვა არ არის სახელმწიფოს საქმე, სახელმწიფოს საქმეა ბიზნესის მხარდაჭერა,“-აცხადებს რომან კაკულია.

ბიზნესმენები კი კონკურენციის სააგენტოს განცხადებას მიმდინარე დრამატული პროცესების გადაფარვის მცდელობად აფასებენ. 

„მზად ვარ, აქტიურად ჩავერთო მათთან ერთად[კონკურენციის სააგენტოსთან]. ერთადერთი ეს კონტექსტი არის, ის, რომ მოსახლეობა დააწყნარონ, რომ ფასები არ გაიზრდება და არ დავუშვებთ, რომ ფასები გაზარდონ კომპანიებმა. დამერწმუნეთ, ფასების გაზრდა კი არ გვიხარია, იძულებულები ვართ. ამით უნდათ ის პროცესები გადაფარონ, რაც დღევანდელ დღეს რეალურად ხდება და აჩვენონ, რომ ფასების ზრდას არ დაუშვებენ,“-განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ ლარის დრამატული გაუფასურების პარალელურად, კომპანიებმა ფასების მოსალოდნელ ზრდაზე გააკთეს განცხადება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp