რამდენი ტურისტი ეწვია საქართველოს რუსული სანქციების პირობებში – ივლისის სტატისტიკა

ივლისში საქართველოში რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 6.4 პროცენტით შემცირდა. თუ 2018 წლის ივლისში რუსეთიდან 169 857 ვიზიტი შედგა, 2019 წლის ივლისში მაჩვენებელი 159 063 ვიზიტზე დაფიქსირდა,– იუწყება საქართველოს შს სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. 

ჯამში ივლისში საქართველომ 1,099,474 საერთაშორისო მოგზაური მიიღო და მონაცემები წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 5.8 პროცენტით აღემატება. 

ამავე მონაცემების თანახმად, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 570 482 შეადგინა, რაც 5 505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე – ზრდა 1 პროცენტი.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთი (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.

ამასთან, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია – 33.7 პროცენტიანი ზრდა, საფრანგეთი  – 29.6 პროცენტიანი ზრდა, ლიტვა – 20 პროცენტით ზრდა, ლატვია – 17.4 პროცენტით ზრდა, პოლონეთი 15.7 პროცენტი ზრდა და სხვა.

ასევე, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი  – 58.1 პროცენტით, ჩინეთი – 55.6 პროცენტით, უზბეკეთი – 50.9 პროცენტით, საუდის არაბეთი – 42.1 პროცენტით, კორეა – 38.9 პროცენტით, ყაზახეთი – 28,5 პროცენტი და სხვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ლარის დრამატული გაუფასურების ერთ–ერთ მთავარ მიზეზად ტურისტების რაოდენობის მკვეთრმა კლებამ განაპირობა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები საპირისპიროზე მეტყველებს.  

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp