ირანელი ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

2019 წლის 8 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციამ ეკონომიკური სანქციის სახით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა. დღეს ტურიზმის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა სრული სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა გადაკვეთა გასული თვის განმავლობაში ქვეყნის საზღვარი. დოკუმენტის მიხედვით, აშკარა ხდება, რომ მოლოდინი იმის შესახებ, ფრენების აკრძალვა საქართველოს ტურიზმის სექტორს მრავალასეულ მილიონ დოლარიან ზარალს მიაყენებდა, შესაძლოა გადაჭარბებული იყოს. ივლისში რუსი ვიზიტორების რაოდენობა 6.4%-ით, ანუ 10,794-ით შემცირდა. ამ შემცირების მიუხედავად, მთლიანად ტურიზმის სექტორში ზრდა დაფიქსირდა, რადგანაც ვიზიტორთა ნაკადი გაზრდილია ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა უკრაინა, ისრაელი, თურქეთი, საუდის არაბეთი და სხვა. დღეს გამოქვეყნებული ანგარიში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოების შესახებ შეიცავს ინფორმაციას - ეს ირანიდან ვიზიტორების რაოდენობის მკვეთრი ვარდნაა. ივლისში საქართველოში 60%-ით ნაკლები ირანელი იმყოფებოდა. რაოდენობრივად, აღნიშნული შემცირება 20,853-ია, რაც რუსეთის ფედერაციიდან არსებულ შემცირებაზე ორჯერ მეტია. 


ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:


  1. აზერბაიჯანი - 175,499 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 13.1%; 
  2. რუსეთი - 159,063 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 6.4%; 
  3. თურქეთი - 156,136 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 9.6%; 
  4. სომხეთი - 141,663 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 3.2%; 
  5. საქართველო (არარეზიდენტი) - 40,340 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5.2%; 
  6. უკრაინა - 25,221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 18.2%; 
  7. საუდის არაბეთი - 22,775 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 42.1%; 
  8. ისრაელი - 22,687 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15.5%; 
  9. ირანი - 13,437 ვიზიტორი, კლება წინა წელთან 60%; 
  10. ყაზახეთი - 13,129 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 28.5%. 

2019 წლის 7 თვეში კი ვიზიტორების საერთო რაოდენობამ 4,961,918 შეადგინა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით 7.8%-ით მეტია. 


რამდენი იყო ამ ვიზიტორებში ტურუსტი


ამ 4.9 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 2.7 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ. 


რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმიდან?


ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, ტურისტებმა საქართველოში იანვარ-ივლისში $1.5 მილიარდი დახარჯეს. ეს 2018 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. შესაბამისად, ტურისტული ემბარგოს მიუხედავად, საქართველოს ტურიზმის სექტორის შემოსავლები არის მზარდი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp