კიწმარიშვილები "რუსთავი 2"–ისთვის დავაში ერთვებიან

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი "რუსთვაი2"-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს. განცხადება დღეს ტელეკომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ ია კიწმარიშვილმა გააკეთა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის სამართალმემკვიდრეა. 

როგორც კიწმარიშვილმა განაცხადა, მან იურისტებთან კონსულტაციები გაიარა და სამართლებრივი ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება. 


“მე, რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე, გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს, თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ეს ენერგია, როგორც მინიმუმ, ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც, ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან, მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მის სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები უკვე ალბათ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩემთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ. "რუსთავი 2"-ის 100% დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს. მე პირველ რიგში, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას, ალბათ ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ, ესე არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ესეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს მე პირადად, რაღაც აბსურდის თეატრს მაგონებს“ - განაცხადა ია კიწმარიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ქართულმა სასამართლომ "რუსთავი 2"–ის 100%–იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ კი არხი ბიზნესმენის სახელდე გადაფორმდა. თუმცა არხის მფლობელობაზე კიდევ რამდენიმე პირი აცხადებს პრეტენზიას. კერძოდ, პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ თავის დროზე ხალვაში მას წარმოადგენდა და არხი რეალურად მისი საკუთრებაა. ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ არსებობს ხალვაშთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულებაც. თავის დროზე არხის წილების იძულებით დათმობაზე საუბრობენ დამფუძნებლები – ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი. მათ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიმართეს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით, თუმცა პროცესები არ დაძრულა, ამაში კი დამფუძნებლები პოლიტიკურ ნებას ხედავენ.   

შეგახსენებთ ასევე, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები დღეს მის საფლავზე შეიკრიბნენ. "რუსთავი2"-ის დამფუძნებელი 55 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრებს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და დარწმუნებულები არიან, რომ სასიკვდილო გასროლა სწორედ "რუსთავი2"-ის საქმეს უკავშირდება.  


„დღეს არის ეროსის დაბადების დღე, 55 წლის გახდებოდა და დღეს ამ ადგილას, ვხვდებით მის დაბადების დღეს, სამწუხაროდ. რაც შეეხება მისი გარდაცვალების საკითხს, აქედან 5 წელი გავიდა და ჩვენ საგამოძიებო სტრუქტურებიდან არაფერი ახალი არ გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. ბევრი რაღაც დახურულია ნაწილია ამ საქმეში, რომელიც არ არის ბოლომდე გამოძიებული, პასუხები არ გვაქვს და აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ამაში ყველაფერში ჩანს ამ ორგანოების ნება, რომ საქმე არ ყოფილიყო ისეთი მიმართულებით წასული, სადაც მათ გაუჭირდებოდათ რეალური მიზეზების დადგება. მარტივად და ერთფეროვნად იმუშავეს და შედეგი ყველამ კარგად ვიცით“ - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)